თამარ იოსელიანი – დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის განახლება, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ეს ის ხედვაა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიყოთ სანდო, ეფექტიანი პარტნიორი შუა დერეფანში
დღეს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შემაჯამებელი დღეა, ძალიან წარმატებული ორი დღე გვქონდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში ბათუმში შეიკრიბნენ საერთაშორისო საზღვაო და სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები და გაიმართა მსჯელობა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო სისტემაში ხდება.
„უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი შუა დერეფნის კონტექსტში. საინტერესო დისკუსია გაიმართა, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება დღეს დაკავშირებადობის თვალსაზრისით საქართველოს და, შესაბამისად, შუა დერეფანს; იმას, რომ საქართველო არის შეუცვლელი პარტნიორი შუა დერეფნის კონტექსტში და რომ საქართველოს აქვს სწორი, თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს, ზოგადად, სატრანსპორტო სისტემა. გვაქვს 10 წლიანი გეგმა შემუშავებული, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სისტემა და სახელმწიფოს ხედვაა, რომ 2032 წლამდე უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 7 მილიარდი ამერიკული დოლარი იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს არსებული სატრანსპორტო სისტემა და, შესაბამისად, გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.
„დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება და ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. ეს არის სწორედ ის ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიყოთ შეუცვლელი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი შუა დერეფანში“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.