თამარ იოსელიანი – ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს

13:28, 03.07.2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა.

სესიაზე სახელწოდებით – „საზღვაო გზებიდან ინტეგრირებულ სატრანსპორტო დერეფნებამდე“ სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ როლსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაგეგმილ მასშტაბურ ინვესტიციებზე.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ისტორიულად ყოველთვის ასრულებდა ცივილიზაციების, კულტურებისა და ბაზრების დამაკავშირებელი ხიდის როლს. დღეს ჩვენ ამ გეოგრაფიულ უპირატესობას გარდავქმნით თანამედროვე, საიმედო და მაღალკონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რეგიონულ თანამშრომლობასა და გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, 2032 წლისთვის საქართველო დაახლოებით შვიდი მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციაში, რაც მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო და ციფრული მიმართულებების განვითარებას.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომლის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს, 2029 წლისთვის კი, როდესაც პორტის განვითარების პირველი ფაზა დასრულდება, მისი გამტარუნარიანობა, მინიმუმ, 600 000 TEU იქნება და ქვეყანას Panamax-ის კლასის დიდი გემების მიღების შესაძლებლობა ექნება.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რომლის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

თურქეთის საზღვაო სამიტში ასევე მონაწილეობა მიიღო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი