თამარ იოსელიანი – ჩვენ გვაქვს ათწლიანი ძალიან მკაფიო ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სისტემა და აქ ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ქუთაისის აეროპორტს
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის შესაძლებლობები, რომელსაც ზოგადად დაკავშირებადობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და შესაბამისი მიმართულებები ქმნის. ეს ნიშნავს უფრო მეტ ბიზნესს, მეტ ტურისტს, განვითარებულ ეკონომიკას, უფრო მეტ აქტივობას რეგიონში და, შესაბამისად, უფრო მჭიდრო კავშირებს როგორც ევროპასთან, ასევე მთელ მსოფლიოსთან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაბადების დღისა და Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურად მუშაობს ქუთაისიდან ახალი მიმართულებების დამატების კუთხით.
თამარ იოსელიანმა აქცენტი გააკეთა მთლიანად ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე.
„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ განავითაროს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვაქვს 10-წლიანი ძალიან მკაფიო ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სისტემა და აქ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ძალიან მალე დასრულდება სამუშაოები და ჩვენ წლის ბოლომდე ერთად აღვნიშნავთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნას“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი ინფრასტრუქტურა დიდი ზომის ბორტების მიღების საშუალებას იძლევა, რისი შესაძლებლობაც დღეს ქვეყანაში არ არის. თამარ იოსელიანმა ასევე ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების პროექტზე.
„ჩვენი მიზანია, რომ დღეს თუ ვემსახურებით 2,5 მილიონ მგზავრს, მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონს. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო, რადგან დავაყენეთ არაერთი ციფრული სისტემა, რომლებმაც ბევრად უფრო კომფორტული გარემო შექმნა მგზავრებისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბიზნეს ლაუნჯიც გავხსენით, რათა ჩვენს მომხმარებელს სხვადასხვა სერვისები შევთავაზოთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.