თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა – პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი – როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება“ – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი მჭიდროდ უკავშირდება რეგიონულ სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და შუა დერეფნის მზარდ როლს.
„შუა დერეფანი უკვე აღარ არის ალტერნატივა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც ამას ცხადყოფს, რომ დამატებითი ალტერნატიული მარშრუტები უკვე ძირითად მარშრუტებად გარდაიქმნება. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ თანხვედრაში ვიყოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელსაც ვახორციელებთ, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში. ამ მიმართულებით პარტნიორობა და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე საუბრისას თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ პროექტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა და მისი განხორციელების ფორმატი არსებითად შეიცვალა.
„ზოგადად, ძალიან გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი. შესაბამისად, შეიცვალა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების მოდელი, ჩვენ გადავედით ე.წ. ლენდლორდ მოდელზე, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სახელმწიფო რჩება ნავსადგურის მესაკუთრედ, ავითარებს აღნიშნულ ნავსადგურს, აშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ინვესტორები უკვე შემოდიან მას შემდეგ, რაც ტერმინალების ოპერირებაზე მიდის საუბარი. ანუ ტერმინალების ოპერატორებად იქნება წარმოდგენილი კერძო სექტორი, რომელიც ტვირთების მიხედვით შეძლებს ტერმინალების ოპერირებას. მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი – როგორც ტვირთების მოზიდვა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი გამოცდილების ქონა მსგავსი ტიპის ტერმინალების ოპერირების კონტექსტში“, – აღნიშნა იოსელიანმა.