თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების გამოსაკვლევად სამიზნე ჯგუფში შემავალ პირთა რაოდენობა 600-მდეა
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების გამოსაკვლევად სამიზნე ჯგუფში შემავალ პირთა რაოდენობა 600-მდეა

კოვიდგადატანილ პაციენტებს, რომლებმაც გაიარეს მკურნალობა კლინიკებში, ინფექციური დაავადებისა და შიდსის ცენტრი მათ შესთავაზებს გამოკვლევების პაკეტს, რათა პაციენტების პოსტკოვიდური მდგომარეობის სრულად შესწავლა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტების შერჩევა  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება. გაბუნიას ინფორმაციით, სამიზნე ჯგუფში შემავალ პირთა რაოდენობა 600-მდეა.

„პაციენტების შერჩევა მოხდება „რანდომული“, ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პაციენტების თანხმობით და ყველა ეთიკური წესის დაცვით. კოვიდგადატანილ პაციენტებს, რომლებმაც გაიარეს მკურნალობა კლინიკებში, ინფექციური დაავადებისა და შიდსის ცენტრი მათ შესთავაზებს გამოკვლევების პაკეტს, რათა პაციენტების პოსტკოვიდური მდგომარეობის სრულად შესწავლა მოხდეს. შესაძლოა, ჩივილი გამოხატული არც იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რამდენად დაუბრუნდა ნორმას კოვიდის პერიოდში დაფიქსირებული ცვლილებები.

საქართველოც ერთ-ერთი იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლის, რა ცვლილებებია მოსალოდნელი კოვიდის გადატანის შემდეგ პერიოდში, რასაც რა თქმა უნდა, სხვა მეცნიერებს გავუზიარებთ, რათა გაიდლაინში რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს. ეს არ არის სამინისტროს პროგრამა, არამედ ინფექციური დაავადებისა და შიდსის ცენტრის რესურსია. სამიზნე ჯგუფში შემავალ პაციენტთა რაოდენობა 500-დან 600-მდე მერყეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ნოემბრიდან მოყოლებული აქვს პოსტკოვიდური გამოკვლევის პროტოკოლი, სადაც მითითებულია ვის და რა ტიპის გამოკვლევა შეიძლება, შევთავაზოთ. ამ მიმართულებით პირველადი ჯანდაცვის ექიმები მობილიზებული არიან. პაციენტების ნაწილს ამ გამოკვლევების ჩატარება შეუძლია საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. ამდენად, ეს პროგრამა ფინანსურად მნიშვნელოვანწილად არის მოცული. კვლევა ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარდება და ამ ეტაპზე თბლისის მოსახლეობაზეა მიმართული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.