თამარ გაბუნია - „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გასული წლის ბოლოს დავიწყეთ კონსულტაციები, შემოტანის ინტერესი თუ არ გვქონდა, მაშინ რა მიზანს ემსახურებოდა?
თამარ გაბუნია - „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გასული წლის ბოლოს დავიწყეთ კონსულტაციები, შემოტანის ინტერესი თუ არ გვქონდა, მაშინ რა მიზანს ემსახურებოდა?

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერი ახალი მედიკამენტის შემოტანა სახელმწიფოს მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებას უკავშირდება.

„ფაქტების სიზუსტისთვის მინდა, განვმარტო, რომ ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები შემოდიოდა. ამის მიუხედავად, მწარმოებელმა მაინც მოითხოვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მკაფიოდ განსაზღვრა, რადგან დაჩქარებული წესით იყო ვაქცინები აღიარებული. ჯანდაცვის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, სადაც დაზუსტდა, რომ ნებისმიერ გვერდით მოვლენაზე, რომელიც დაკავშირებული არ იქნება მწარმოებლის მიერ წესის დარღვევასთან, პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამდენად, ნებისმიერი ახალი მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანა სახელმწიფოს მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებას უკავშირდება, რათა გადაზღვეული იყოს პოტენციური რისკები, რაც შესაძლოა, დადგეს იმის გამო, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით ყველაფერი არ ვიცით. ვაქცინების შემთხვევაში, მწარმოებლების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ მილიონ შემთხვევაზე მოსალოდნელი იქნებოდა ერთი ანაფილაქსიური რეაქცია. მძიმე გასახსენებელია, მაგრამ ეს ერთი ანაფილაქსიური რეაქცია დადგა ჩვენს შემთხვევაში. ამდენად, უნდა მოვემზადოთ. ქვეყანაში ვაქცინების დანერგვაც შესაფერისი მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ მოხდა. იგივე იყო C ჰეპატიტის მედიკამენტების შემთხვევაში. თავდაპირველად კომისიური წესით ინიშნებოდა მედიკამენტები. კომისია დღესაც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ ათნიშნა, რომ სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ შემოტანაზე უარს არ ამბობს, უბრალოდ ამისთვის გარკვეული ეტაპის გავლა და მეტი ინფორმაციის დაგროვებაა საჭირო.

„საქმე როდესაც გვაქვს არასტანდარტულ მკურნალობასთან, მეტი სიფრთხილე, დრო და გარკვეული ეტაპის გავლაა საჭირო. არასდროს გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ მედიკამენტის შემოტანაზე. მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან გასული წლის ბოლოს დაიწყო კონსულტაციები. ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის ინტერესი თუ არ გვქონდა, მაშინ რა მიზანს ემსახურებოდა კონსულტაციები? კონსულტაციები დღესაც გრძელდება. ვისაც ბავშვის ინტერესი აქვს, მაშინ, მთავარია, ყველაფერი ისევ გადავიდეს კონსტრუქციულ-სამეცნიერო რეჟიმში და ჩვენ ვიმსჯელოთ რისკებზე, ასევე, რისკების გადაზღვევის გზაზე, რაც შეიძლება, ქვეყანაში ახალი, ინოვაციური მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს. ეჭვი არ მეპარება, მშობლები ბავშვის ინტერესიდან გამომდინარეობენ, მაგრამ ინტერესთან ერთად, გასათვალისწინებელია სამეცნიერო ცოდნა, ტექნიკური, საერთაშორისო გამოცდილება, რაც თან ახლავს წამლის დანერგვას. ამდენად მნიშვნელოვანია კონსტრუქციული მიდგომა ამ მიმართულებით, რათა ბავშვებს ჰქონდეთ წამალი, რომელიც მათ სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა გაბუნიამ.