თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, პრეპარატ რემდესივირს საქართველო მაისის ბოლოსთვის მიიღებს
თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, პრეპარატ რემდესივირს საქართველო მაისის ბოლოსთვის მიიღებს

ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება პრეპარატ რემდესივირის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, პრეპარატით მკურნალობა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველო ოფიციალურად ჩაერთვება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ „სოლიდარობის კვლევაში“, რომელიც „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლას ისახავს მიზნად.

„სოლიდარობის კვლევა დაიწყო კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევების პასუხად. ის ექსპერიმენტული კვლევები, რომელიც იმედის მომცემი იყო და გარკვეული შედეგები უჩვენა, რა თქმა უნდა, საჭიროებდა მეტ შესწავლას. დღეს კვლევაში ჩართულია 100-მდე ქვეყანა. საქართველომ მიიღო შემოთავაზება კვლევაში ჩართვის შესახებ და ჩვენ დღეს უკვე ვასრულებთ ფორმალურ საკითხებს, რათა შევუერთდეთ კვლევას და მივიღოთ წვდომა იმ ექსპერიმენტულ რეჟიმებზე, რომელიც ამ კვლევის ფარგლებში იქნება გამოყენებული.

ჩვენ ამ კვლევის საშუალებით გვექნება შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა იმ უახლეს და იმედის მომცემ მკურნალობაზე, როგორიც არის მაგალითად რემდესივირი და რომელიც უკვე ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით იქნა აღიარებული სწორედ კოვიდის მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

ეს არის გამოყენების ერთადერთი პირობა, რომელიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული. კვლევაში ასევე შედის სხვა პრეპარატები-პლაქვენილი, ასევე შიდსის სამკურნალოდ მოწოდებული მედიკამენტები, რომელის გამოცდაც მიმდინარეობს კოვიდის სამკურნალოდ.

აქ არის ოთხი განსხვავებული რეჟიმი და ამ რეჟიმის ერთმანეთთან შედარება მოხდება მძიმე კოვიდის მქონე პაციენტებში, რაც, ბუნევბრივია, ჩვენთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ პაციენტებს მიეცეთ წვდომა ამ ტიპის მკურნალობაზე და მეორეც, ჩვენს ექიმებს ჰქონდეთ მუდმივი კავშირი მსოფლიოში სამეცნიერო წრეებთან და იმ პროფესიონალებთან, ვინც იღებს მთავარ გადაწყვეტილებას კოვიდთან დაკავშირებულ სიახლეებზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, კვლევის საგანი იქნება პრეპარატი პლაქვენილიც, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულ მძიმე პაციენტებთან გამოიყენება.

კვლევის პროცესში სამედიცინო დაწებულები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საკუთარ შედეგებს გაუზიარებენ.

„ქართული გაიდლაინის მიხედვით, პლაქვენილის გამოყენება მძიმე პაციენტებისთვის არის დაშვებული და ეს პრაქტიკაშიც ხორციელდება.რაც შეეხება შედეგების შესწავლას და გაზიარებას გლობალური სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ამისი დრო დადგება, ჯერ ადრეულ ეტაპზე ვართ და ერთეული შემთხვევებია კოვიდის მკურნალობის პროცესში პლაქვენილის გამოყენების, გარკვეული გამოცდილება დაგროვდება ამ მიმართულებით და საქართველლოც თავის წვლილს შეიტანს.

ეს „სოლიდარობის კვლევა“ კიდევ ერთხელ აღიარებაა იმისი, რომ პლაქვენილი არის იმედმომცემი მკურნალობა. ვნახოთ, კვლევის შედეგები უჩვენებს, რომელი მკურნალობა იქნება უფრო ეფექტური“, – განმარტა გაბუნიამ.

კვლევის პროცესს ზედამხედველობას ჯანდაცვის სამინისტრო გაუწევს, მთავარი მკვლევარი კი კლინიკური იუმუნოლოგიის, შიდსის და ინფექციურ დაავადებათა ცენტრი და პირადად თენგიზ ცერცვაძე იქნება.

„სამედიცინო დაწესებულები, რომლებიც კვლევაში ჩაერთვებიან, არიან ძირითადად ის ცენტრები, რომლებიც მართავს კოვიდ-პაციენტებს, რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევაში ჩართული იქნება და ძირითადი მკვლევარი იქნება კლინიკური იუმუნოლოგიის, შიდსის და ინფექციურ დაავადებათა ცენტრი და მთავარი მკვლევარი იქნება ბატონი თენგიზ ცერცვაძე. დღეისთვის შერჩეულია 7 სამედიცინო დაწესებულება, თუმცა თუ გაფართოების საჭიროება დადგა, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ და სხვა ბაზებზეც მოხდება კვლევა.

ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ზედამხედველობას. ჩვენ უკვე ვართ ლოჯისტიკური პროცედურების მოგვარებაში, ამ კვირაში დასრულდება ფორმალური პროცედურა და შემდეგ დაიწყება პრეპარატის ქვეყანაში შემოტანა. ვფიქრობთ, მაისის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება პრეპარატ რემდესივირის მიღება, სხვა დანარჩენი პრეპარატები, რომლებიც კვლევაში მონაწილეობენ, ქვეყანაში ისედაც არის და მისი დამატებით მიღების პრობლემაც არ იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.