თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ აჭარის რეგიონში შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება
თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ აჭარის რეგიონში შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება

ბათუმში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, ზეგიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომელიც შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო აჭარაში რჩება.

გაბუნიას განცხადებით, ხვალ დაკონკრეტდება, შეზღუდვა რა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და რა მიმართულებებს შეეხება.

რაც შეეხება ხვალიდან დაწესებულ სხვა შეზღუდვებს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, კერძოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებას, ასევე რესტორნების მუშაობის 22:00 საათიდან დროებით შეწყვეტას უკავშირდება, მინისტრის მოაგილის განცხადებით, ეს არის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად დააზიანებს ბიზნესს და ადამიანებს, სამაგიეროდ ექნება შემაკავებელი ხასიათი.

„შეზღუდვები საშუალებას მოგვცემს, მობილობა შევამციროთ 15-20 პროცენტით, ეს არ არის მძიმე შეზღუდვები და მოგვცემს სტაბილიზაციის ეფექტს. მობილობის შეზღუდვა ეხება და უკავშირდება არა მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, არამედ გართობასა და სოციალურ თავყრილობებს. სწორედ ასეთ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა და ასეთი შეკრებებია ეპიდემიის გავრცელების წყარო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეზღუდვების ვადა დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, თუმცა ფიქრობს, რომ სავარაუდოდ იგი ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, ვინაიდან კორონავირუსს სწორედ ორკვირიანი ციკლი ახასიათებს.

აჭარის რეგიონში ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. რესტორნებს დღის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

დატოვე კომენტარი