თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად,  80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი და რამდენიმე კვირა დასჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რომელიც გეგმაშია ასახული, როგორც პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის, ასევე ტექნიკური დეტალების დაზუსტების კუთხით.

„ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობებს, ასევე მარეგულირებელ გარემოს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს, რადგან გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს აუცილებლად საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. დღეს ეს პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გეგმის შესრულება დავიწყოთ, როგორც კი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და ესეც, ვფიქრობთ, რომ პირველივე კვარტალში შესაძლებელი გახდება და იყოს მზაობა, როგორც სამინისტროს სტრუქტურების ფარგლებში, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფარგლებში და რაც მთავარია, სამედიცინო დაწესებულებების დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.