თამარ გაბუნია - ვაქცინებთან დაკავშირებით სრული ტექნოლოგიური მზაობაა, საქართველოს აქვს პირობა, შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა
თამარ გაბუნია - ვაქცინებთან დაკავშირებით სრული ტექნოლოგიური მზაობაა, საქართველოს აქვს პირობა, შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რამდენად არსებობს საქართველოში ვაქცინებთან დაკავშირებით ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობები.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს პირობა, შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა.

კერძოდ, გაბუნიას განცხადებით, საქართველოში არსებობს შენახვის პირობები იმ ვაქცინის, რომელიც საჭიროებს -80-გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს, ვაქცინის, რომელსაც სჭირდება -20 გრადუსიანი რეჟიმი, ასევე 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინებისთვის.

„რაც შეეხება პერსპექტიულ ვაქცინებს, ხშირად ისმის კითხვა, რომელი ვაქცინა მოხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ვაქცინა, რათა პროგრამაში მოხვდეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ჩვენ შევხედოთ ჩვენს ტექნოლოგიურ მზაობას, რამდენად არსებობს ქვეყანაში ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობები. გეგმაში ასახულია, რომ ქვეყანას აქვს პირობა, შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -80-გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს. ამ ეტაპზე ასეთია „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნას“ ვაქცინა, რომელიც საჭიროებს – 20 ტემპერატურულ რეჟიმს და 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინები ჩვენთვის არის პრაქტიკულად რუტუნული იმუნიზაციის სქემის მოთხოვნა, რასაც ქვეყანა დიდი ხანია, შეუფერხებლად ახორციელებს. ამდენად ვაქცინებთან დაკავშირებით მზაობა სრულად არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.