თამარ გაბუნია - უმოკლეს ვადაში კორონავირუსზე ტესტირება სამი მეთოდით დაიწყება
თამარ გაბუნია - უმოკლეს ვადაში კორონავირუსზე ტესტირება სამი მეთოდით დაიწყება

ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება სამივე მეთოდით ტესტირება, როგორც პისიარი, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ანტისხეულების ტესტი, ჩვენ საწყისი რაოდენობა ამ ტესტების ქვეყანაში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გუშინ შეთანხმდნენ ტესტირების ახალ ალგორითმზე, რომელიც შეეხება პაციენტების სხვადასხვა კატეგორიას, ვისაც სჭირდება ტესტირება.

„ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს მეთოდებს, რა მეთოდებითაც უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში. ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება პისიარ მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს. ალგორითმში განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის. ეს გახლავთ პირველ რიგში სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს, გამოხატული აქვთ კლინიკური სიმპტომები და ნიშნები, რაც შესაძლოა, იყოს კორონავირუსის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტესტირებების შესაძლებლობა შევქმნათ იმ პირებისთვის, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი და ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ე.წ. ცხელების კლინიკებში მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში, მოხდეს მისი შეფასება კორონავირუსიზე და შემდეგ უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით, პაციენტის მართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ალგორითმი გამოყოფს ტესტირების პრინციპებს და მიდგომებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ითვლება, რომ არის მაღალი რისკის მქონე და ამას მიეკუთვნება კონტაქტები,  სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში და ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მყოფი პირები.

„ამ ალგორითმის მიხედვით უმოკლეს ვადაში დაიწყება სამივე მეთოდით ტესტირება, როგორც პისიარ, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ასევე ანტისხეულების ტესტი, ჩვენ საწყისი რაოდენობა ამ ტესტების ქვეყანაში გვაქვს“,  – განაცხადა გაბუნიამ.