თამარ გაბუნია - უახლოეს მომავალში დავასახელებთ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა
თამარ გაბუნია - უახლოეს მომავალში დავასახელებთ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა

კარგია, რომ ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად 5 000-მდე ადამიანი იტარებს ვაქცინაციას, მაგრამ სამიზნეს – მოსახლეობის 60%-ის აცრას წლის ბოლომდე რომ მივაღწიოთ, დღეში 20 000-25 000 ადამიანის აცრა მოგვიწევს, – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, იმედისმომცემი სურათია ვაქცინების მოწოდების ტენდენციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ შეთანხმებები გვაქვს სხვადასხვა მომწოდებელთან, რაც ჯამურად ქმნის 3.7 მილიონ დოზას, ეს გვჭირდება მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის. უკვე დაწყებულია მუშაობა მოზარდების ვაქცინაციაზეც და მოგვიწევს ფიქრი იმაზე, რამდენად შევძლებთ მოზარდებზე ვაქცინაციის განვრცობას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია.

„ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ. დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა. ასევე მიდის მუშაობა „სინოფარმთან“, „სინოვაკთან“ დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან – „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვოვაქსის“. „ნოვოვაქსის“ შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამისი ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, გაბუნიას თქმით, ეტაპობრივად დაემატება დაწესებულებები, რომლებიც ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.

„ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად. დღეს „სინოვაკის“ დოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის შესაბამისი ადგილები. შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი