თამარ გაბუნია - თებერვალში ვაქცინის მიღება და პროცესის დაწყება სრულიად რეალისტურია
თამარ გაბუნია - თებერვალში ვაქცინის მიღება და პროცესის დაწყება სრულიად რეალისტურია

პირველი, რაც აუცილებელი პირობაა და რაც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, არის პასუხი და მზადყოფნის დადასტურება იმ კონკრეტულ პირობებზე, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმის მიერაა წამოყენებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი, რომ თებერვალში ქვეყანაში ვაქცინა იქნება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, სრულიად რეალისტურია.

„ეს პირობა სრულად არის შესრულებული. შემდეგი ეტაპი არის „კოვაქსის“ თანხმობა და ზუსტი ვადის მოწოდება იმაზე, თუ პირველ კვარტალში როდის დაიწყება. „კოვაქსის“, და ყველას ინტერესია, რომ საქართველოში და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ „კოვაქსის“ მხრიდანაც მაქსიმალურად სწრაფ პასუხს ველოდებით. ის, რომ თებერვალში ქვეყანაში ფიზიკურად ვაქცინა გვქონდეს, და ეს პროცესი დაიწყოს, არის სრულიად რეალისტური. პროცესი ორმხრივია. ჩვენ საკუთარი პირობები შევასრულეთ, ახლა „კოვაქსიდან“ საბოლოო დასტურს ველოდებით. „კოვაქსის“ პლატფორმაში შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა მოსახლეობის ოცი პროცენტისთვის და ეს არის მილიონ-ნახევარი დოზა. თუმცა ამ დოზის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შეეხება ვაქცინა ექიმების გარდა – რა თქმა უნდა, გამოყოფილია დეტალური ჩამონათვალი. პირველი: ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 75-მდე, უკვე მეორე ფაზის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, ანუ ეს არის ბაზისური სერვისი, რის გარეშეც ქვეყანა ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. შემდეგ მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, ამის მომდევნოდ არიან 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ამის შემდეგ უკვე რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები. ჯამურად, ეს რაოდენობა მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს შეადგენს. ამდენად, ვაქცინის საერთო რაოდენობა, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება ამის მთლიანად მოცვისთვის, არის სამი მილიონ ცხრაასი ათასი. პირველი-მეორე კვარტალი დაეთმობა პირველი-მეორე ეტაპის ჯგუფების მოცვას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.