თამარ გაბუნია - შემთხვევების ლოკალური მატება ძირითადად სოციალურმა თავშეყრებმა გამოიწვია
თამარ გაბუნია - შემთხვევების ლოკალური მატება ძირითადად სოციალურმა თავშეყრებმა გამოიწვია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან შემთხვევების მატება შეინიშნება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება, რადგან ქვეყანა ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ძალიან რთულად გადაიტანს.

„შემთხვევების რაოდენობა კვლავაც საყურადღებოა. დადებითობის მაჩვენებელიც გარკვეულწილად იმატებს, რაც მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ტესტირების აქტიური გაგრძელება. რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით შეინიშნება შემთხვევების მატება, ტესტირების უფრო ლოკალიზებული პროგრამები აქტიურად დაიწყო. გასული 24 საათის განმავლობაში 24 000 ტესტი ჩატარდა.

ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიური სურათი. ჯერ ვცდილობთ, ლოკალიზაცია მოხდეს აქტიური ტესტირებით და წესების დაცვით. შემდეგ, როგორც განვითარდება სიტუაცია, იმის მიხედვით იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, სრულიად დაუშვებელია, რომ ეპიდემიას ესკალაციის საშუალება მივცეთ.

მთავარი არის დაწესებული შეზღუდვების და წესების აღსრულება. ძირითადად სოციალური თავშეყრის გამო არის შემთხვევების ლოკალური მატებაც, სადღაც შეიძლება ქორწილი ჩატარდა ან სხვა მიზეზით იყო ხალხმრავლობა. ამ ტიპის სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

ამ ეტაპზე არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, მეტიც, ყველაფერი კეთდება, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა ძალიან რთულად გადაიტანს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 1 685 პაციენტი იმყოფება კლინიკებში, მათგან 325 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 67 – რეანიმაციაში. გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთათვის 3 000-ზე მეტი საწოლია თავისუფალი.