თამარ გაბუნია - სავალდებულო აცრის საკითხი არასდროს დასმულა, მწვანე საშვის საკითხი დაისვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც აცრის, ისე პისიარტესტირების შესაძლებლობას
თამარ გაბუნია - სავალდებულო აცრის საკითხი არასდროს დასმულა, მწვანე საშვის საკითხი დაისვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც აცრის, ისე პისიარტესტირების შესაძლებლობას

რა თქმა უნდა, მარათონს აქვს აზრი, რადგან ნებისმიერი აცრილი ადამიანი არის გადარჩენილი სიცოცხლე, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად აქვს აზრი შექმნილ ვითარებაში საინფორმაციო მარათონის ჩატარებას, რომელიც დღეს დაიწყო, რადგან თითქმის, 12 000-იანი კონტიგენტიდან, შიდა ქართლის ოთხ სოფელში, საღამოს ხუთი საათის მონაცემებით მხოლოდ ასი ადამიანი აიცრა.

„აზრი ყოველთვის აქვს ნებისმიერ აქტივობას, რომელიც ვაქცინაციის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. ჩვენ პირველი ეტაპი საკმაოდ აქტიურად, წარმატებით გავიარეთ და ახლა, დადგა დრო, როცა მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და შეკითხვებზე პასუხი. ჩვენ მათ უნდა განვუმატოთ, რატომ არის საჭირო ვაქცინაცია. თუნდაც, მათთან სახლში მივიდეთ და შევთავაზოთ ვაქცინა. ამ გზით მოსახლეობის დაახლოებით, 30% აიცრება, მაგრამ შემდეგ კიდევ იქნება დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ან არ აიცრება, ან ალბათ, მათი ვაქცინაციის პროგრამაში მოსაყვანად კიდევ დამატებითი, უფრო აქტიური ზომები იქნება საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აუცრელი მოქალაქეებისთვის გარკვეული შეზღუდვების შემოღებას, რაც დღეს დავით სერგეენკომ განაცხადა, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ შეზღუდვაც აუცილებლად არჩევანის ფარგლებში იქნება და იქნება ხელშეწყობის საშუალებით.

შეკითხვაზე, როდიდან შეიძლება, ამოქმედდეს მაგალითად, შეზღუდვა, რომ ადამიანი კაფე-რესტორნებში და გასართობ დაწესებულებებში ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთით, ან ტესტის პასუხებით შეუშვან, გაბუნიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ასეთი შეზღუდვის შემოღება არ იგეგმება.

მისი თქმით, იძულება უბრალოდ, ეთიკური არ არის, არანაირ კონტექსტში.

„მნიშვნელობა არ აქვს, ამაზე არჩევნების წინ ვისაუბრებთ, არჩევნების შემდეგ, თუ რამე სხვა ეტაპზე. საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ არჩევანი ადამიანმა თავად უნდა მიიღოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

„სავალდებულო აცრის საკითხი არასდროს დასმულა, არც ერთ სივრცეში, მწვანე საშვის საკითხი კი დაისვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც აცრის შესაძლებლობას, ისე პისიარტესტირების შესაძლებლობას. ეს არის ირიბი რეგულაცია, რომელსაც იყენებს ევროკავშირი და ბევრი სხვა ქვეყანა. ეპიდემიური რისკების კონტროლის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეს არის გამართლებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეკითხვაზე, შეუწყო თუ არა ხელი რეგულაციების შესრულების მაჩვენებლის კლებას იგივე, ჯარიმების ამნისტირებამ, ანუ, ამ შემთხვევაში, წახალისებამ, რეგულაციების შესრულების სუსტმა კონტროლმა და ა.შ, გაბუნიამ აღნიშნა, რომ თუ პასუხისმგებლობა თავად საზოგადოებამ არ გაიზიარა, დამსჯელი ღონისძიებები ეფექტური არ არის.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სამი მილიონი ადამიანის პირბადის გამოყენების ქცევა მუდმივად ვაკონტროლოთ და შემდეგ, დაისაჯოს ვინმე იმიტომ, რომ პირბადე არ გამოიყენა?! ვიდრე ეს ყველაფერი არ გაზიარდება და ისევ და ისევ საზოგადოებისთვის არ იქნება მიუღებელი პირბადის გარეშე სიარული, დიდი თავყრილობები და ასე შემდეგ, რეგულაციების აღსრულების სრული კონტროლი შეუძლებელია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.