თამარ გაბუნია - სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე გადაწყვეტილება ვერ მიიღება
თამარ გაბუნია - სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე გადაწყვეტილება ვერ მიიღება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, სწავლის პროცესის სასკოლო ოთახებში განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ამისთვის საჭიროა ეპიდსიტუაციის დასტაბილურება.

როგორც თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და შესაბამისად, საკლასო ოთახებში სწავლის გასაგრძელებლად ეპიდვითარებასთან ერთად, გასათვალისწინებელია ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობა.

„სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასურველი მოდელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია, არის სწავლა სასკოლო გარემოში. ასე იყო პანდემიის პირველივე დღეებიდან. ჩვენი დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, რათა სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სტატუსი. პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაერო-ს ბავშთა ფონდმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში.