თამარ გაბუნია - საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა
თამარ გაბუნია - საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა

საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველო გლობალურ შკალაზე კვლავაც დაბალი რისკის ქვეყანაა.

„რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა ზღვარია გლობალურ შკალაზე.

საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ჩვენ გადავცდეთ გლობალურ საშუალოს. საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა. ამდენად ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს და იმედი გვაქვს, ამ ნიშნულამდე არც არასდროს არ მივალთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია ბათუმში, თუმცა აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ შეინიშნება.

„დღევანდელი სტატისტიკით, ინფიცირების გარკვეული მატება იყო იმერეთშიც, თბილისში მეტ-ნაკლებად სტაბილურია. აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი ნამდვილად არ გვაქვს, ამდენად ჩვენი მთავარი სტრატეგია დღეს ისევ მიმართულია ბათუმისკენ და იქ შემთხვევების სტაბილიზაციისკენ.

ლეტალობის მაჩვენებელი, დაახლოებით, 0.56 პროცენტია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. სამხუწაროდ, ყველა შემთხვევა უკავშირდება ქრონიკული დაავადების მქონე პირებს“, – განაცხადა გაბუნიამ.