თამარ გაბუნია - საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების მიუხედავად, ვირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია  
თამარ გაბუნია - საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების მიუხედავად, ვირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ყველანაირი პრევენციული ზომები ტარდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია.

„პირველი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში რისკი კორონავირუსის გავრცელების, დრამატულად გაიზარდა. რისკი გვაქვს კვლავაც დაბალი, თუმცა სიფრთხილის ზომებს ვამკაცრებთ, რადგან ვირუსის გავრცელებამ გადმოინაცვლა ჩვენი მეზობელი ქვეყნებისკენ. ირანში, იტალიაში არის გარკვეული შემთხვევების მატება. ევროპის ქვეყნებში ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. ჩვენ გვაქვს მკაცრი კონტროლის ზომები საზღვრებზე, რაც არის ყველაზე აქტიური და ქმედითი მექანიზმი, რომ შევაჩეროთ ქვეყანაში იმ ადამიანების შემოსვლა, ვინც მოდის მაღალი რისკის ქვეყნიდან.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რჩება მეთვალყურეობის ქვეშ. ინფექციურიდან გადავიყვანეთ ის ადამიანები, ვისაც არ დაუდგინდათ კორონავირუსი, თუმცა მათ სჭირდებათ კარანტინში დაყოვნება. ეს ადამიანები გადავიდნენ პედიატრიულ განყოფილებაში, შემდეგ კი გადავიყვანთ საჭიროების შემთხვევაში აბასთუმანში“,- განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროების შემთხვევაში იზოლაციისთვის საკმარისი ადგილებია და სამინისტრო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით 200 ადგილი გამოყოს იზოლაციისთვის. მისივე თქმით, ამ დროისთვის იზოლაციაში 60-მდე ადამიანი იმყოფება

„ზომები პრევენციის ძალიან მკაცრია. მთავრობამ ეს ზომები მიიღო თვეზე მეტია. სრული გამართულობაა, ამაზე მეტი პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანას არ ჩაუტარებია და არც ცნობილია სხვა ღონისძიებები, რაც შეიძლება ჩატარდეს. საკარანტინო ზომების მზაობას რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს 200 ადგილი იდენტიფიცირებული, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია იზოლაციისთვის. ამ მდგომარეობით 60-მდე ადამიანი რჩება იზოლაციაში დღეს,ნაწილი საჩხერეში, ნაწილი აბასთუმანში და ტუბერკულოზის ცენტრში.

ჩვენ მზად ვართ ასევე, მოვამზადოთ დამატებით 200 იზოლაციის ადგილი. ასევე განიხილება თვითიზოლაციის შესაძლებლობა. არიან მოქალაქეები, ვისაც სჭირდებათ იზოლაცია და აქვთ კარგი პირობები იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში იყვნენ. რაც შეეხება მზაობას მართვის კუთხით, როგორც მოგეხსენებათ, ინფექციური საავადმყოფო არის წამყვანი ამ მიმართულებით. მუდმივი კონსულტაციები აქვთ პროფესიულ ჯგუფებს ერთმანეთთან. შემთხვევის მართვა არის ისეთი, როგორიც იქნებოდა სხვა ვირუსული ინფექციის შემთხვევაში. ამ ვირუსს განსაკუთრებული ზომების მიღება არ სჭირდება. 80%-ზე მეტი შემთხვევები არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის და მკურნალობა არის იგივე, რაც იქნებოდა სხვა ვირუსის შემთხვევაში. გართულებული ფორმები, რომელიც შედარებით იშვიათია, აქ გამოვიყენებთ ინფექციურ საავადმყოფოებს, სადაც ექიმები არიან სრულად მომზადებულები“,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება სკოლებში პრევენციულ ღონისძიებებს, თამარ გაბუნია მოუწოდებს მშობლებს, რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ბავშვი სკოლაში არ გაუშვან, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართონ ექიმს.

„აქ საუბარია პირადი დაცვის საშუალების სწორად გამოყენებაზე, ხელის დაბანაზე, იმაზე, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ჰიგიენის დაცვაზე სწორი ინფორმაცია. დეზინფექცია ასე ცალსახად საჭირო არ არის, გარდა იმისა, რომ უნდა დამუშავდეს სველი წესით და რაც მთავარია, ხელის ხშირი დაბანა. მნიშვნელოვანია ბავშვებს მოვუწოდოთ, ჭუჭყიანი ხელით არ მიირთვან საკვები. ასევე მოვუწოდებ მშობლებს, ბავშვს თუ აქვს რესპირატორული სიმპტომები, დარჩნენ სახლში“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

დატოვე კომენტარი