თამარ გაბუნია - საქართველო ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით ხვდება
თამარ გაბუნია - საქართველო ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით ხვდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით ხვდება.

„თავად რომ გეგმა არსებობს და მთვრობის მიერ აღიარებულია, ის, რომ გეგის შემუშავებაში 82-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობდა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ამ პროცესში, არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი და ერთ-ერთი წინაპირობა, რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა მიიღოს ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა.

ხელშეკრულება უკვე ძალაში და აქტიურია 1.4 მილიონი დოზის მისაღებად, ეს არის მოსახლეობის 20 პროცენტისთვის განკუთვნილი დოზები. ასევე, ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას ხვდება საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით, ბოლო წლების განმავლობაში იმუნიზაციის პროგრამას ასევე ჰქონდა ახალი ვაქცინების დანერგვის გამოცდილება, რის გამოც მოხდა ძალიან ბევრი პროფესიონალის უკვე გადამზადება, ცივი ჯაჭვის, ტექნოლოგიური პროცესების გამართვა. ამდენად, ჩვენ მოკლე ხანში შეგვიძლია ეს ყველაფერი გავააქტიუროთ კოვიდის ვაქცინის მიზნებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას განმარტებით, არსებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის განხორციელებას მინიმუმ 64 მილიონი ლარი, მაქსიმუმ კი 158 მილიონი სჭირდება.

„განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან, მოგეხსენებათ, ვაქცინის ფასი სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში შესაძლოა, მერყეობდეს“, – აღნიშნა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, მობილიზებული რესურსი ვაქცინის საჭირო რაოდენობის მისაღებად საკმარისია.

„ვაქცინაციის თანხა გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხის პროექტში. ბიუჯეტიდან მოხდა გასულ წელს პირველი ნაწილის გადახდა კოვაქსის პლატფორმაში, დოზების 20 პროცენტისთვის. ეს რესურსი საკმარისია, რომ ეყოს ვაქცინის იმ რაოდენობას, რაც გვჭირდება“, – დასძინა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა, არის საერთაშორისო პარტნიორობა, რამაც მოგვცა საშუალება, ეს გეგმა მოგვემზადებინა. მინდა, მადლობა ვუთხრა აზიის განვითარების ბანკს გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის, – პარტნიორობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, მსოფლიო ბანკთან, „იუნისეფთან“ და ბევრ იმ ძირითად მოთამაშეებთან, ვინც გლობალურ ჭრილში ხელს უწყობს ქვეყნებს, რათა ვაქცინაციის პროგრამა დროულად დაიწყოს და წარმატებით შესრულდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის  ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.