თამარ გაბუნია - საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა დააჩქაროს პროგრესი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და გაიზარდოს თითოეული ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა
თამარ გაბუნია - საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა დააჩქაროს პროგრესი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და გაიზარდოს თითოეული ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა

საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა დააჩქაროს პროგრესი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და გაიზარდოს თითოეული ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დელეგატებს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის გლობალური სტრატეგიის იმპლემენტაციის შედეგები გააცნო.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების, მათ შორის ანტენატალური, პერინატალური და მშობიარობის შემდგომი მზრუნველობის გაძლიერებისკენ.

„ანტენატალური სერვისების პაკეტი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს, მუდმივად ფართოვდება არსებული მტკიცებულებებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. დაინერგა მომსახურების მიწოდების ახალი მეთოდები, მათ შორის ტელემედიცინა, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგულარული ანტენატალური მეთვალყურეობა, ასევე მუდმივი კომუნიკაცია ოჯახებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს შორის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 76-ე სესიაში იღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.