თამარ გაბუნია - სამინისტრო სწავლობს სამედიცინო პერსონალის რამდენიმე კლინიკაში მუშაობის საკითხს და გვექნება გადაწყვეტილება
თამარ გაბუნია - სამინისტრო სწავლობს სამედიცინო პერსონალის რამდენიმე კლინიკაში მუშაობის საკითხს და გვექნება გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის რამდენიმე კლინიკაში მუშაობის საკითხს უწყება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ მედიკოსების ინფიცირების რისკზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად მუშაობს.

„სამედიცინო პერსონალის ინფიცირება პრობლემურია და ეს თავიდანვე გვქონდა გამოყოფილი, როგორც განსაკუთრებული ყურადღების თემა. დღეს სამედიცინო პერსონალისთვის რაც კეთდება, ეს არის რეგულარული, სისტემატური ტესტირება, იმის მიუხედავად, სიმპტომი აქვთ თუ არა. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევების საკმაოდ სოლიდური ნაწილი დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო პირობებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამედიცინო პირობებში ინფიცირების რისკები არ არსებობს. რა თქმა უნდა, სამედიცინო პირობებში ინფიცირების რისკები მაღალია. განსაკუთრებით პრობლემურია რამდენიმე ადგილზე დასაქმების თემა. ჩვენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გვქონდა მოთხოვნა, როდესაც კოვიდ და ცხელების კლინიკაში დასაქმებულ პერსონალს არ უნდა ემუშავა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. დღეს უკვე საგანგებო მდგომარეობაში აღარ ვოპერირებთ და ეს მოთხოვნაც შედარებით ნაკლებად საყურადღებო გახდა კლინიკებისთვის. არის შემთხვევები, როდესაც პერსონალი მუშაობს რამდენიმე ადგილზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, საკითხზე სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად მუშაობს.

„სამინისტრო სწავლობს ამ საკითხს, თუმცა ცალსახად ასეთი სწრაფი გადაწყვეტა ამ პრობლემის სამედიცინო პერსონალის დეფიციტიდან გამომდინარე, ყოველთვის ასე სწრაფად ვერ მოხერხდება, თუმცა არის ალტერნატიული გზები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად.

აქ არის ორკვირიანი მონაცვლეობა მორიგეობებისა და პერსონალის, ასევე ტესტირება. დღეს ტესტირება არის ყველაზე კარგი დაცვა იმისთვის, რომ პერსონალი, არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობს, იყოს ყოველთვის შემოწმებული, დაცული და ჰქონდეს უარყოფითი პასუხი, რომ ის ინფიცირებული არ არის. რამდენიმე ადგილზე მუშაობის საკითხი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სამინისტრო მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საფუძვლიანად შეისწავლის და გვექნება გადაწყვეტილებაც“, – განაცხადა გაბუნიამ.