თამარ გაბუნია - სამგორის საველე ჰოსპიტალი რეზერვად რჩება სათადარიგო სიაში, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება
თამარ გაბუნია - სამგორის საველე ჰოსპიტალი რეზერვად რჩება სათადარიგო სიაში, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება

სამგორის საველე ჰოსპიტალი რეზერვად რჩება სათადარიგო სიაში და, რა თქმა უნდა, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია და ჰოსპიტალები დამატებითი რესურსის მობილიზებას გეგმური ჩარევების შეჩერების ხარჯზე ცდილობენ.

„სამგორის საველე ჰოსპიტალში გარკვეულწილად მობილიზებულია სარეზერვო საწოლები, თუმცა საველე ჰოსპიტლის მობილიზება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზაობას არ ნიშნავს. ამდენად, ადამიანური რესურსი კონცენტრირებულია იმ პირობებში, სადაც დღეს არის უკეთესად შექმნილი მოვლის შესაძლებლობა. დამატებით ერთი სივრცე გაიხსნა ქავთარაძეზე, რომელიც ინფრასრტრუქტურულად სრულად გამართულია. ამდენად, გარკვეულწილად, სამგორის მოსალოდნელი რეზერვი ჩაანაცვლა ქავთარაძის ჰოსპიტალმა. სამგორის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და, რა თქმა უნდა, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება.

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე, რომ 8 000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის გარკვეულწილად ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია, ჰოსპიტალები ცდილობენ დამატებითი რესურსის მობილიზებას, იმ ხარჯზე რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალებთან ახლოს შესაძლოა, დამატებითი სარეზერვო სივრცეები მოეწყოს.

„რაც შეეხება დამატებითი სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით არის გარკვეული მოსაზრება, რომ იყოს ჰოსპიტალებთან ახლოს. ჯერჯერობით დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტალების ჩართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.