თამარ გაბუნია - სამედიცინო პერსონალის ორკვირიანი მორიგეობის რეჟიმი, რასაც იყენებს ბევრი ევროპული ქვეყანაც, ვფიქრობთ, მოგვცემს მათი უფრო მეტად დაცვის საშუალებას
თამარ გაბუნია - სამედიცინო პერსონალის ორკვირიანი მორიგეობის რეჟიმი, რასაც იყენებს ბევრი ევროპული ქვეყანაც, ვფიქრობთ, მოგვცემს მათი უფრო მეტად დაცვის საშუალებას

სამედიცინო პერსონალის ორკვირიანი მორიგეობის რეჟიმი, რასაც იყენებს ბევრი ევროპული ქვეყანაც, ვფიქრობთ, მოგვცემს მათი უფრო მეტად დაცვის საშუალებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გაბუნია აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის საკმაოდ სოლიდური წილი უჭირავს სამედიცინო პერსონალს.

„ღონისძიებები, რომლებიც პერსონალის დასაცავად აქამდე გატარდა, იყო ტრენინგის სახით, იყო პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის სახით. დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგი და დღესაც აქტიურად ხორციელდება უკვე ადგილზე ვიზიტები იმისთვის, რომ პერსონალს ჰქონდეს შესაფერისი მხარდაჭერა. თითოეული კლინიკა, იქნება ეს ცხელების კლინიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გადაუდებელი სამსახური, პირველადი ჯანდაცვის ქსელი, მაქსიმალურად მობილიზებულია იმისთვის, რომ იყოს დაცული და მიჰყვებოდეს იმ ინსტრუქციას, რომელიც მოწოდებულია ამ კუთხით“, – აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება მოხდა საყოფაცხოვრებო პირობებშიც.

„ისეთი ფაქტორები, როგორიც არის დატვირთული რეჟიმი, გადაღლილობა, გარკვეულ შემთხვევაში ყურადღების მოდუნება, ხდება სწორედ დაინფიცირების მიზეზი. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება მოხდა საყოფაცხოვრებო პირობებშიც და აქედან გახდა ინფექციის გავრცელებაც, სადაც სამედიცინო პერსონალს უბრალოდ არ უკეთია და არ აცვია პირადი დაცვის საშუალებები. შეიძლება, ერთმანეთთან ჰქონდათ კონტაქტი და ამანაც გამოიწვია ინფექციის გავრცელება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ისევ და ისევ კონკრეტული რეკომენდაციის მიყოლა, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ის, რომ გვქონდეს შესაფერისი პირობები სამედიცინო პერსონალის მონაცვლეობისთვის და დასვენების რეჟიმის უზრუნველყოფისთის.

ბევრი კლინიკა უკვე გადავიდა ორკვირიანი მორიგეობის რეჟიმზე. ის ორი კვირა დატვირთულია, თუმცა შემდეგ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც იმორიგევა ორი კვირის განმავლობაში, ეძლევა დასვენების საშუალება და ამ რეჟიმს იყენებს ბევრი ევროპული ქვეყანაც. ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეული ხანი მოგვცემს პერსონალის უფრო მეტად დაცვის საშუალებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.