თამარ გაბუნია - ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში თავისუფალია 538 საწოლი, ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემაა, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს
თამარ გაბუნია - ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში თავისუფალია 538 საწოლი, ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემაა, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს

პაციენტების ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემაა, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობით, მობილიზებულია 7 103 საწოლი ქვეყნის მასშტაბით. აქედან, დილის 09:00 საათის მონაცემებით, დატვირთული არის 6 329. აქედან ტრიაჟის პროცესში, ანუ შეფასების პროცესში 255 პაციენტი. ინტენსიურ საწოლზე არის 1243 და ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება 378-ს. ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538. აქედან ყველაზე მეტად დატვირთულია, რა თქმა უნდა, ისევ თბილისის საწოლფონდი. ამდენად, პაციენტების ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემაა, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს, ნამდვილად არა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, კლინიკები მუშაობენ მაქსიმალური, 90-95-პროცენტიანი დატვირთვით.

„ერთი საინტერესო სიახლე რაც არის, გუშინ უკვე გაძლიერებული კოვიდსასტუმროს სახით გაეშვა „ჰოლიდეი ინი“, სადაც დამატებით იქნა მობილიზებული სამედიცინო გუნდები და კიდევ დამატებითი მკურნალობის შესაძლებლობა შეიქმნა. ესეც დაგვეხმარება იმაში, რომ პაციენტი, რომელსაც არ სჭირდება დიდხანს ჰოსპიტალში დაყოვნება, სწრაფად გადავიყვანოთ და ჰოსპიტალური საწოლები კიდევ უფრო მეტად გათავისუფლდეს. კარგია ის, რომ უფრო ინტენსიური გახდა ჰოსპიტალებიდან გაწერა. აი, გუშინ, მაგალითად, გამოჯანმრთელებულებს შორის კლინიკიდან გაწერილი იყოს 1214 პირი, ანუ ეს არის უკვე მნიშვნელოვანი რაოდენობა იმ პაციენტების, ვინც ბინაზე ან სასტუმროში გაეწერა. ამგვარი გაწერის ტემპის შენარჩუნებით ჩვენ თავისუფლად გვექნება იმის საშუალება, რომ დაყოვნება იყოს მინიმალური და საერთოდ არ იყოს. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ პირობებში ამის მართვა გარკვეული ძალისხმევით, მაგრამ ხერხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.