თამარ გაბუნია - ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია აშკარად იკვეთება, ჩვენთვის მთავარია, ეს შევინარჩუნოთ
თამარ გაბუნია - ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია აშკარად იკვეთება, ჩვენთვის მთავარია, ეს შევინარჩუნოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენციაც გამოჩნდა.

ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც, რომელიც ორი დღეა, რვა პროცენტზეა.

გაბუნიას თქმით, ასეთ ვითარებაში  მნიშვნელოვანია, ეპიდსიტუაციის სტაბილურობის ტენდენცია შენარჩუნდეს.

„აშკარად იკვეთება სტაბილიზაციის და უკვე კლების ტენდენციაც. კარგია, რომ შემთხვევების რაოდენობაც იკლებს და ასევე იკლებს დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გუშინაც და დღესაც რვა პროცენტი იყო. ამდენად, ეპიდემიოლოგიური გარემო უფრო კეთილსაიმედო ხდება და შანსი იმის, რომ გახსნის შემდეგ ჩვენ აღარ მივიღებთ კიდევ განმეორებით მატებას, უფრო მეტია. ასეთ პირობებში ჩვენთვის მთავარია, რომ ამგვარი ტენდენცია შევინარჩუნოთ და დადებითობის მაჩვენებელი  ხუთი პროცენტი არის ის ნიშნული, რომელზეც ვფიქრობთ, უკვე შესაძლო იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გახსნაზე საუბარი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ქვეყანაში ამ დროისთვის მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს, ამასთან დაკავშირებით გაბუნია ამბობს, რომ ჯერჯერობით საფუძველი იმისა, რომ შემსუბუქება დროზე ადრე მოხდეს, არ არსებობს, რადგან ვითარებას უნდა დააკვირდნენ.

„ეს სიტუაცია სავარაუდოდ უკვე პირველი თებერვლისთვის უნდა ჩამოყალიბდეს. ჯერ იმის საფუძველი, რომ დროზე, ვადაზე ადრე ჩვენ რაიმე შეზღუდვის შემსუბუქება გავაკეთოთ, არ გვაქვს. თუმცა სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ. ვფიქრობთ, უსაფრთხო და გონივრული ვადა არის პირველი თებერვალი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.