თამარ გაბუნია - „ომიკრონის“ შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ამიტომაა მნიშვნელოვანი სიფრთხილე, რომ რეინფიცირებამ და არავაქცინირებული მოსახლეობის დაავადებამ სექტორის გადატვირთვა არ გამოიწვიოს
თამარ გაბუნია - „ომიკრონის“ შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ამიტომაა მნიშვნელოვანი სიფრთხილე, რომ რეინფიცირებამ და არავაქცინირებული მოსახლეობის დაავადებამ სექტორის გადატვირთვა არ გამოიწვიოს

„ომიკრონის“ შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში იყო, რაც ქმნის იმ რისკებს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სიფრთხილე, რომ რეინფიცირებამ და არავაქცინირებული მოსახლეობის დაავადებამ სექტორის გადატვირთვა არ გამოიწვიოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

„მიმდინარე პერიოდში, ახლა მაინც, როდესაც ვხედავთ, რამდენად მაღალია შემთხვევების რაოდენობა, პირბადის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მარტივი საშუალება, რაც რეალურად მაღალეფექტურია და არავინ კითხვის ნიშანს არ სვამს იმაზე, პირბადე დაგვიცავს, თუ არ დაგვიცავს. რა თქმა უნდა, დაგვიცავს და ამდენად, ახლა მაინც უნდა გამოვიყენოთ ყველა გზა, რათა ამ ნაწილში გავაუმჯობესოთ საკუთარი პასუხისმგებლობაც და კონტროლიც“, – განაცხადა გაბუნიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ვითარების დრამატულად დამძიმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის, რომ რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი, განსაკუთრებით, ახალი წლის დღეებში პრაქტიკულად არ ხდებოდა, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რეგულაციების აღსრულების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, საბოლოო ჯამში, პირბადის ტარების აუცილებლობის გააზრება ინდივიდუალურ დონეზე უნდა მოხდეს.

„სამი მილიონი ადამიანის ქცევის კონტროლი არის ძალიან რთული და მედიცინას ყველაზე მეტად ქცევითი პრობლემების მართვა უჭირს. ქცევით დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემებია ყველაზე რთული და ამდენად, კი, კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ინდივიდუალური ჩართულობა და ყველას პასუხისმგებლობის გაზიარება არის მთავარი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინების მომზადება და რამდენიმე ხანში ისევ დავდგებით იმ საჭიროების წინაშე, რომ ვაქცინაცია კიდევ იქნება საჭირო, რათა „ომიკრონის“ შემდგომი გავრცელებისგან და ახალი, მოსალოდნელი შტამებისგან თავი დავიცვათ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა აზრი „ომიკრონთან“ მიმართებით ბუსტერების გაკეთებას მაშინ, როცა არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ მიმართ ნაკლებეფექტიანია და უკვე მიმდინარეობს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინების მომზადება, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ბუსტერი პირველი ორი დოზის დამცველობით ეფექტს აორმაგებს და ნამდვილად არ არის საჭირო, „ომიკრონზე“ მორგებულ ვაქცინას დაველოდოთ.

„იმაზე, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობის იქნება, იყო გარკვეული კვლევები და მონაცემები, მაგრამ ის, რომ „ომიკრონი“ ყველა შემთხვევაში აუცილებლად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, რადენადმე ცრუ მოლოდინია. „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა იმ პირებში ჰქონდა, ვინც ვაქცინირებული იყო და ვისაც მძიმე თანმხლები დაავადება არ ჰქონდა. ვინც ვაქცინირებული არ არის, ის აუცილებლად დგას რისკის ქვეშ“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეკითხვაზე, დგას თუ არა ქვეყანაში მარაგებში არსებული „ფაიზერის“ ვაქცინების ვადის პრობლემა, რადგან მოქალაქეების ნაწილი ვაქცინაციისგან თავს სწორედ ვადების გამო იკავებს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინების მარაგი ვალიდურია, მათი ვადა მარტის ბოლომდეა და აბსოლუტურად საფუძველს არის მოკლებული წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა ვადაგასულია, ან ეფექტურობა შესუსტებული.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში იმ ტესტების დეფიციტი, რომელიც „ომიკრონის“ მიმართ მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა, რომ არ არსებობს არც კლინიკური და არც ეპიდემიოლოგიური საჭიროება იმისა, რომ ინფიცირებულთა 100 პროცენტში განისაზღვროს, ადამიანი „ომიკრონით“ არის ინფიცირებული თუ „დელტა“ შტამით.

„რუტინული, ფართო გამოყენებისთვის ისევ რეკომენდებული რჩება ის ტესტები, რომლებიც აქამდეც გვქონდა. ეს არის სწრაფი ტესტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.