თამარ გაბუნია - „ომიკრონი“ ძირითადად მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, ამიტომ კვირის განმავლობაში კიდევ 40 ონლაინკლინიკა ამოქმედდება
თამარ გაბუნია - „ომიკრონი“ ძირითადად მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, ამიტომ კვირის განმავლობაში კიდევ 40 ონლაინკლინიკა ამოქმედდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელებას ახლავს რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება იყოს სწრაფი. მისივე თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში გამოვლენილი „ომიკრონის“ შემთხვევებიდან უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

სწორედ ამიტომ თამარ გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის მობილიზების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, დღემდე მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კვირის ბოლომდე დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ინფიცირებულებს ოჯახის ექიმებისგან კონსულტაცია გაეწიოთ.

„მთავარი რისკი არის, რომ შემთხვევების მატება შესაძლებელია იყოს სწრაფი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრევენციას მეტი მნიშვნელობა აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველთვის ხაზგასმით მოგვიწოდებს, რომ პირბადის გამოყენება განსაკუთრებით ამ პირობებში იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა შემთხვევების მატება სწრაფად არ მოხდეს.

რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებას. ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება. ჩვენ გავიარეთ კორონავირუსის რამდენიმე ტალღა, ამ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონი“ ძირითადად შედარებით მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, როდესაც ყველა ოჯახის ექიმი არის გადამზადებული კოვიდის მართვის საკითხებში. დღეს თუ მუშაობს 62 ონლაინკლინიკა, კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ქსელი მაქსიმალურად იყოს გაშლილი და ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების საშუალება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.