თამარ გაბუნია - მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური მესიჯებით გაგრძელდეს ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია, 60 პროცენტს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რომ მომდევნო ტალღებისგან დავიცვათ თავი
თამარ გაბუნია - მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური მესიჯებით გაგრძელდეს ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია, 60 პროცენტს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რომ მომდევნო ტალღებისგან დავიცვათ თავი

ვაქცინაციის ტემპი გარკვეულწილად შემცირდა სექტემბრის ბოლო კვირაში. მანამდე ტემპი იყო საკმაოდ მაღალი და 25 000 აცრა დღის განმავლობაში იყო ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა ზაფხულის პერიოდისთვის, აგვისტო-სექტემბრისთვის დაგეგმილი, კარგი იქნებოდა, რომ ეს ტემპი შენარჩუნებულიყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ბევრი მიზეზი შეიძლება ამისთვის იყოს, მივიღეთ ის რაც მივიღეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის წასახალისებლად ყველა კომპონენტი დროულად იყოს გამოყენებული.

„რაც შეეხება დამატებითი ინტერვენციების გააქტიურებას, აქ არც ერთ შემთხვევაში არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე გადაწყვეტილებამ დააგვიანა. საუბარია ეტაპობრივობაზე და იმაზე, თუ რომელ ინტერვენციას რა დროს ექნება მეტი ეფექტი. ეტაპობრივად შემოვიდა პროგრამაში წახალისება ლატარიის სახით, ასევე ოჯახის ექიმებთან აქტიური, მუშაობა ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ჩაითვალა, რომ ფინანსური წახალისება ოჯახის ექიმებისთვის იქნება კიდევ უფრო მეტად აქტიური მექანიზმი, რომ მათი მცდელობაც მეტად უფრო ინტენსიური გახდეს. ყოველ შემთხვევაში ეს უკვე მთავრობაზე შემოტანილია ცვლილების სახით. ჩვენ ველოდებით, რომ დღეს-ხვალ უკვე მოხდება მისი ამოქმედება და შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ ვნახოთ ეს ინტერვენცია რა შედეგს მოგვცემს. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათაო ოფისთან, რომ მათგანაც მოვისმინოთ ჩვენ კიდევ დამატებით, რა სახის ინტერვენციები შეიძლება გამოვიყენოთ ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, მაგრამ რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი მიმართულებით და დადებითი, პოზიტიური მესიჯებით გაგრძელდეს ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია. 60 პროცენტს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ 60 პროცენტი არ იქნება ჩვენთვის საკმარისი, რომ გადავაზღვიოთ და დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან. ასე რომ, ჩვენი ამბიცია დღეს არის უფრო მაღალი და გვინდა, რომ 60 პროცენტსაც გადავცდეთ და ეს არის ძალიან პრობლემური“, – განაცხადა გაბუნიამ.