ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის მკურნალობის პროცესში ბინაზე მეტად ორიენტირებული მოდელის ადაპტირება იგეგმება
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის მკურნალობის პროცესში ბინაზე მეტად ორიენტირებული მოდელის ადაპტირება იგეგმება

დღეიდან უკვე მეტად ბინაზე ორიენტირებული მოდელის ადაპტირებაზე ვფიქრობთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა ოჯახის ექიმს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით ტრენინგი უკვე გავლილი აქვს.

„ბინაზე მართვის პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა თებერვალ-მარტში და ყველა ოჯახის ექიმმა ერთი ციკლი ტრენინგი გაიარა. თუ საჭიროება დადგა, მათ იციან, როგორ შეაფასონ პაციენტი ბინაზე, შეაფასონ სიმძიმე, გადაიყვანონ ჰოსპიტალში თუ ამის აუცილებლობაა, ან მსუბუქი შემთხვევების მეთვალყურეობა განაგრძონ ბინაზე. რესურსის თვალსაზრისით, დღეიდან უკვე მეტად ბინაზე ორიენტირებული მოდელის ადაპტირებაზე ვფიქრობთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის მართვისა და მკურნალობის პროგრამაში 31 კლინიკის ჩართვა იგეგმება.

„დღეისთვის 31 კლინიკის ჩართვა იგეგმება უკვე პროგრამაში. აქამდე, ზაფხულის პერიოდში 12 კლინიკა მონაწილეობდა აქტიურად. ამ კლინიკებმა საკმარისი კლინიკური გამოცდილება მოაგროვეს. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, 3 200 საწოლის მობილიზებას კოვიდის მიზნებისთვის. დღეიდან 2 400 საწოლია ჩართული. აქ გათვალისიწინებელია ასევე, ყველა სხვა კომპონენტი, რაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის მზაობისთვის, მათ შორის პირადი დაცვის საშუალებები, რასაც კლინიკები უკვე თავად ყიდულობენ. სამინისტროს დღეს აქვს მხოლოდ სტრატეგიული მარაგი და ლოჯისტიკის ნაწილში პრობლემები უკვე აღარ არის.

ასევე, მნიშვნელოვანია ექიმების მუდმივი ტრენინგი და სიახლეებთან დაკავშირებით, მათი კომპეტენციების გაძლიერება. იყო წუხილი, რამდენად საკმარისია ადამიანური რესურსი, როდესაც ექიმები და ექთნები ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან და შეიძლება, რომელიმე ექიმი კლინიკურ პრაქტიკას გამოეთიშოს. სამინისტროს მობილიზაციის სქემა ცენტრალურ დონეზე აქვს, ასევე თითოეულ კლინიკას  შემუშავებული აქვს ორკვირიანი როტაციების სქემა და ეს გამოიყენეს გასულ პერიოდში, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ვფიქრობთ, ამ რესურსით ჯანდაცვის სექტორმა თავი უნდა გაართვას შემთხვევების მართვას.

ასევე მიდის მუშაობა, რომ მსუბუქი შემთხვევების მართვა გადმოვიტანოთ ჰოსპიტალის გარეთ. გაასულ კვირას უკვე გაეშვა სასტუმროები. დღეს სასტუმროებში უკვე 300-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, სადაც მკურნალობენ პაციენტები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.