თამარ გაბუნია - კვირის განმავლობაში შემთხვევების ერთეული მატება ნიშნავს, რომ სიტუაცია კონტროლდება და ინფექციის გავრცელების ტემპი არის მართვადი
თამარ გაბუნია - კვირის განმავლობაში შემთხვევების ერთეული მატება ნიშნავს, რომ სიტუაცია კონტროლდება და ინფექციის გავრცელების ტემპი არის მართვადი

ზოგადად სიტუაცია კონტროლდება და ინფექციის გავრცელების ტემპი არის სრულად მართვადი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჯერჯერობით საქართველოში ეპიდემიის ტენდენციები კეთილსაიმედოა.

„დღეს ჩვენ ვართ 90 შემთხვევაზე და კვირის განმავლობაში შემთხვევების მატება იყო ერთეული. ზოგიერთი დღე იყო შემთხვევის მატების გარეშეც ან ორ და სამ შემთხვევაზე, რაც ამ პირობებში არის საკმაოდ კარგი და კეთილსაიმედო ტენდენცია მატების. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად სიტუაცია კონტროლდება და ინფექციის გავრცელების ტემპი არის სრულად მართვადი. ეს სრულად შეესაბამება იმ პროგნოზებს, რომელიც ჩვენ თავიდანვე გვქონდა, პირველი შემთხვევის გამოვლენის დღიდან, თუ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებდით ყველა იმ შედეგს, რომელიც უნდა მოეტანა სოციალურ იზოლაციას და სხვა ღონისძიებებს. ამით ჯერჯერობით ეპიდემიის ტენდენციები კეთილსაიმედოა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს საქართველო უკვე გადავიდა შეკავების ეტაპზე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ეპიდემიის გავრცელების ტემპის შენელება ყველაზე კარგი გამოსავალია სიტუაციაში.

„ამგვარად, ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება – კარანტინი, სოციალური იზოლაცია, მკურნალობა, კონტაქტების გამოკვლევა ეს არის ყველაფერი ის, რაც საშუალებას გვაძლევს საკმაოდ ეფექტურად შეაკავოს ტენდენციები. ინტენსივობა ამ ჩარევების, პირველი შემთხვევის გამოჩენამდეც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ კვლავაც დღეს ყველაზე აქტუალურია სოციალური დისტანცირების საკითხი და ის, რომ ადამიანებმა დაიცვან ის წესები, რომელთაც მათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები აწვდიან. ეტაპობრივად და ყოველდღიურად ჩვენ ვადევნებთ თვალს მსოფლიო სტატისტიკას, ჩვენი ეპიდემიის მიმდინარეობას და გადაწყვეყილებებისა და ინტერვენციების გადახედვა ხდება ამის მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და ღონისძიება, რაც დღეისთვის განიხილება, არის მეტად აქტიური ჩართულობა პირველადი ჯანდაცვის სამსახურების, რომელიც იქნება თავდაპირველად სატელეფონო კონსულტაციის სახით, რათა ყველას ჰქონდეს ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების საშუალება. სატელეფონო კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ დავიცვათ ოჯახის ექიმები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტისგან, თუ ამის აუცილებლობა არ იქნება. ამიტომ, პირველ რიგში სჯობს, რომ გვქონდეს სატელეფონო კავშირი და მაქსიმალურად შევზღუდოთ როგორც ადგილზე ვიზიტები, ასევე ბინაზე ვიზიტები, თუმცა თუ ამის აუცილებლობა დარჩება, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მზად არის, ესეც განახორციელოს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ქვეყანაა მზადაა, რომ ზეწოლა მიიღოს პირველადი ჯანდაცვის ქსელზე და მხოლოდ რაციონალურად მოხდეს სასწრაფო დახმარების სერვისის გამოყენება.

„ჩვენ ვართ შეკავების ეტაპზე და ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სამედიცინო დაწესებულებების მზაობა. პირველი დონე და პირველი დარტყმა ყოველთვის მოდის პირველად ჯანდაცვასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქსელზე. დღეს გვაქვს მზაობა, რომ ეს ზეწოლა მივიღოთ პირველადი ჯანდაცვის ქსელის მხრიდან და მხოლოდ რაციონალურად მოხდეს სასწრაფო დახმარების სერვისის გამოყენება. შემდეგ პაციენტების გადამისამართება ხდება ე.წ ცხელების კლინიკებში და დღეს უკვე რაიონული ცენტრების დონეზე იდენტიფიცირებულია ის კლინიკები, სადაც მოხდება პაციენტის გადამისამართება, თუკი მას აქვს ცხელება. ეს შეიძლება არც უკავშირდებოდეს კორონავირუსის შემთხვევას, თუმც აქ უკვე როდესაც ცხელებაზე ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალი ყურადღებით იყოს, დაიცვას თავი და ყველა შემთხვევა განიხილოს ისე, რომ თითქოს მას საქმე ჰქონდეს კორონავირუსის საეჭვო შემთხვევასთან. უკვე შემდეგ არის კლინიკები იდენტიფიცირებული, სადაც ხდება უკვე დიაგნოზირებული კორონავირუსის შემთხვევების გადამისამართება და მართვა. ესეთი კლინიკები არის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში. მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი, სადაც ხდება უკვე დიაგნოსტირებული შემთხვევების გადამისამართება და მათი მართვა. ამ საწოლფონდის ეტაპობრივი ზრდის გეგმა სახელმწიფომ დაამტკიცა მინისტრის ბრძანებით და კლინიკების მობილიზება მოხდება ეტაპობრივად, იმის მიხედვით, თუ რამდენ შემთხვევას დავაფიქსირებთ ქვეყანაში და ესეც არის, რათა კლინიკები უკვე მოემზადონ, თუ დადგება ეს ნიშნული, რომ მათი სრული მობილიზება და გადაწყობა იქნება აუცილებელი, მათ ეს მოახერხონ უმტკივნეულოდ, ეფექტურად და პერსონალიც იყოს ამისთვის მზად. შერჩეულია 3 200-ზე მეტი საწოლი და კლინიკებმა უნდა მოახდინონ ჩართვა პროცესში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ქვეყანას სასუნთქი აპარატებისა და საწოლების ჭარბი ოდენობა აქვს.

„საქართველო ცნობილია იმით, რომ ჩვენ ჭარბი გვაქვს საწოლ-ფონდი და ჭარბი იყო სასუნთქი აპარატების რაოდენობაც და ამის გამო ჯანდაცვის სისტემამ არაერთხელ კრიტიკაც კი დაიმსახურა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ძალიან გვიწყობს ხელს ეპიდემიასთან ბრძოლაში. შევიძინეთ კიდეც ახალი სასუნთქი აპარატები, ასევე განხორციელდა რამდენიმე დონაცია. 500-მდე სასუნთქი აპარატი გვაქვს. პროცესი გრძელდება და ვფიქრობთ, რომ შემაკავებელი ღონისძიებების პარალელურად სისტემის მზაობის თვალსაზრისით პრობლემები არ უნდა დადგეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი