თამარ გაბუნია - „კოვაქსიდან“ ვაქცინის 400 000 დოზა გვეკუთვნის, დანარჩენი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ, მათ შორის მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით
თამარ გაბუნია - „კოვაქსიდან“ ვაქცინის 400 000 დოზა გვეკუთვნის, დანარჩენი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ, მათ შორის მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი. ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, თებერვლის ბოლოსთვის უკვე იქნება შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის პროგრამა დაიწყოს.

ასევე, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქსიდან“ საქართველომ ვაქცინის 400 000 დოზა უნდა მიიღოს, ხოლო დანარჩენი – ორ მილიონ-ნახევარი დოზა სხვა მექანიზმებით უნდა იქნას მოძიებული. გაბუნიას თქმით, ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება, ასევე პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან.

„ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება. შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები. მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი. ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ ვაქცინაციის პროგრამა დავიწყოთ. სოლიდარული და თანაბარი პრინციპიდან გამომდინარე, შეიქმნა „კოვაქსის“ პლატფორმა. ამის პარალელურად, არის კიდევ ორი მექანიზმი, რომელიც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთია ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმგვარად, რომ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ. შესაძლოა, ეს მოხდეს შესყიდვის ან დონაციის სახით. ასევე, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკება, რადგან პირველი კვარტალი ყველაზე რთულია ყველასთვის, შემდეგ კი წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით, მესამე-მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს, რათა ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან. „კოვაქსი“ არის მხოლოდ მილიონ-ნახევარ დოზაზე, ანუ დაახლოებით 400 000 დოზაა, რომელიც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის. დანარჩენი ორ მილიონ-ნახევარი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ. ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება, ასევე, პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.