თამარ გაბუნია - კორონავირუსის შემთხვევების მატების ამგვარი ტენდენცია არის სიგნალი, რომ მეტად მკაცრად და აქტიურად გატარდეს ღონისძიებები, რაც საშუალებას მოგვცემს, ეპიდემია ვაკონტროლოთ
თამარ გაბუნია - კორონავირუსის შემთხვევების მატების ამგვარი ტენდენცია არის სიგნალი, რომ მეტად მკაცრად და აქტიურად გატარდეს ღონისძიებები, რაც საშუალებას მოგვცემს, ეპიდემია ვაკონტროლოთ

ჩვენ დღეს ეპიდემიის აქტიურ ფაზაში ვართ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არა მხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად, პანდემია ჯერაც არის აქტიურ ფაზაში და პრინციპში, პირველი ტალღა არც დასრულებულა. თუმცა, ჩვენ გვქონდა წყნარი და კარგი შეკავების პერიოდი და შემთხვევები ზომიერი, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ დაბალიც იყო. გარკვეულწილად, ახლა არის გააქტიურების მეორე ეტაპი და ჩვენ შეკავების ფაზიდან აქტიური მართვის ფაზაში გადავედით. ვირუსის გავრცელება დღეს ნამდვილად კონტროლირებადია, მაგრამ იმისთვის, რომ კონტროლის ეს ხარისხი შევინარჩუნოთ, შემთხვევების მატების ამგვარი ტენდენცია უკვე არის სიგნალი, რომ მეტად მკაცრად და აქტიურად უნდა გატარდეს ღონისძიებები, რაც საშუალებას მოგვცემს, ეპიდემია ვაკონტროლოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დაიწყო თუ არა უკვე მეორე ტალღა და კონტროლირებადია თუ არა ვირუსის გავრცელების მასშტაბი.

მისი თქმით, ჯერჯერობით, კონტაქტების მოძიება ხერხდება და პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„შეიძლება, დადგეს რაღაც ეტაპი, როცა ვეღარ მივაკვლევთ იმ პირველ ადამიანს, ვისგანაც მოხდა გარკვეულ კლასტერში ინფექციის გავრცელება, მაგრამ ჯერ კონტაქტების დიდი ნაწილის იდენტიფიცირება ხერხდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ინფექციის აქტიურად სამართავად დღეს ბევრად უკეთესი პირობები აქვს, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში ჰქონდა.

„სწორედ ამიტომ იყო მიმართულება არა აქტიური მართვისკენ, არამედ შეკავებისკენ. ამ შეკავებამ საშუალება მოგვცა, მოგვემზადებინა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, ტესტირების შესაძლებლობა და ა.შ“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ აღნიშნა, თუ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი ქცევა არ აკონტროლა და პასუხისმგებლობა არ გაიზიარა, ინდივიდუალურ დონეზე კონტროლი ნებისმიერი ადმინისტრირების მექანიზმისთვის ძალიან რთული იქნება.

დატოვე კომენტარი