თამარ გაბუნია - კორონავირუსის გავრცელების პიკურ მაჩვენებელს მაისის შუა რიცხვებში ველოდებით
თამარ გაბუნია - კორონავირუსის გავრცელების პიკურ მაჩვენებელს მაისის შუა რიცხვებში ველოდებით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, რის გამოც მოქალაქეებმა პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა დაიცვან.

„მომდევნო დღეების განმავლობაში, კვირის მანძილზე ალბათ 1 000-დან 1 500-მდე ახალი შემთხვევა იქნება. განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება მაქსიმალურად უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე ყოველდღიურად იზრდება ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის ხარისხი.

„პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი, ექვსი ათასამდე საწოლია მობილიზებული, აქედან 1 500-მდე საწოლი არის თავისუფალი. ასევე, აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პიკური მაჩვენებელი მაისის შუა რიცხვებისთვის არის მოსალოდნელი.

„დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ტენდენციის ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვებული შემთხვევები, რომელთა გამოვლენა სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემთხვევების ზრდა არ იქნება. ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მაისის შუა რიცხვებში. ამ ფონზე  მთავარია, რომ დაწესებული რეგულაციები აღსრულდეს. რეგულაციების გამკაცრებას აღსრულების უზრუნველყოფის გარეშე მცირე ეფექტი ექნება. კარგია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი. ბიზნესგარემოში წესების დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური აქტივობებისგან თავის არიდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი