თამარ გაბუნია - კორონავირუსის 402 შემთხვევა ჯერ კიდევ რჩება იმ კეთილსაიმედო პროგნოზის ფარგლებში, რომელზეც მოდელირების დროს ვსაუბრობდით
თამარ გაბუნია - კორონავირუსის 402 შემთხვევა ჯერ კიდევ რჩება იმ კეთილსაიმედო პროგნოზის ფარგლებში, რომელზეც მოდელირების დროს ვსაუბრობდით

კორონავირუსის 402 შემთხვევა, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ რჩება იმ კეთილსაიმედო პროგნოზის ფარგლებში, რომელზეც მოდელირების დროს ვსაუბრობდით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„თუმცა, რა თქმა უნდა, გეომეტრიული პროგრესიით ზრდის რისკები კვლავ რჩება. ამგვარი ტენდენციის შენარჩუნების შესაძლებლობა სწორედ იმ სოციალური დისტანცირების ღონისძიებებმა მოგვცა, რაც ქვეყანამ დღემდე განახორციელა და რომელშიც დღესაც ვრჩებით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაქსიმალურად მივყვეთ ამ წესებს და ყურადღება და სიმკაცრე არცერთი წუთით არ მოვადუნოთ ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით; შევინარჩუნოთ ეპიდემიის ასეთი ეტაპობრივი, ნელი განვითარების ტენდენცია და თავიდან ავიცილოთ ის პიკი, რომლისაც ყველას ძალიან გვეშინია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა შემთხვევათა დღეს არსებული მაჩვენებელი იმ გათვლების ფარგლებში, რაზეც აქამდე იყო საუბარი და რა შემთხვევაში შეიძლება, გვქონდეს ახალი შემთხვევების არაპროგნოზირებად მატება.

გადაცემის წამყვანის, ნიკა მუკბანიანის შეკითხვაზე, რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს ეპიდვითარებაზე აღდგომის დღესასწაულის წინ გამკაცრებულმა შეზღუდვებმა და თუნდაც, საეკლესიო რიტუალებში მოქალაქეთა მინიმალურმა ჩართულობამ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რისკი, რა თქმა უნდა, მომატებულია და სისტემა მომატებული რისკის შემცირებისთვის ემზადება.

„შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, არის ორი კვირის წინ გატარებული სოციალური დისტანცირების ეფექტი. ჩვენ სულ მცირე, ორკვირიან პერიოდებზე ვსაუბრობთ, როდესაც ინტერვენციას შედეგი ექნება ორი კვირის დაგვიანებით. მართალია, ზომიერად და წესების დაცვით, მაგრამ სააღდგომო დღესასწაულში მონაწილეობის პროცესში თავშეყრა გვქონდა, ამის შედეგების მოლოდინი კი დაახლოებით, ათი დღის, ორი კვირის შემდეგ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მომდევნო ორი კვირა იქნება კრიტიკული, იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ახლა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სოციალურ იზოლაციას და დისტანცირებას, რადგან თუ თავშეყრის ადგილებში ინფექციის გავრცელება უკვე მოხდა, შემდეგ, მეტად აღარ გავრცელდეს.

„სწორედ სოციალური იზოლაცია და დისტანცირებაა გამოსავალი, რომელიც საზოგადოებაში ეპიდემიის მასობრივ გავრცელებას აგვაცილებს. ამიტომ, მომდევნო ორი კვირა არის განსაკუთრებით კრიტიკული და სოციალური დისტანცირების ზომები მაქსიმალური სიზუსტით უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეზღუდვების შერბილებას ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგაც არ უნდა ველოდოთ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა, რათა თავიდან ავიცილოთ ის გავრცელება, რაც შესაძლოა, გასულ შაბათ-კვირას თავშეყრის ადგილებში ინფექციის გავრცელებას უკავშირდებოდეს და ამდენად, მომდევნო ორი კვირა მაქსიმალური სიმკაცრის იქნება.

„არსებობს სპეციალური სამეცნიერო საზომები, რაც გვეუბნება, რომ ეპიდემიის გავრცელების ამ ტენდენციის პირობებში შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი სოციალური დისტანცირების ზომების გამკაცრება, ან შერბილება. შემდეგი გადაწყვეტილებები, აი, ამის მიხედვით მიიღება, მაგრამ ჯერჯერობით, მაქსიმალური სიმკაცრე გვჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.