თამარ გაბუნია - კლინიკებს აქვთ არჩევანი, დატოვონ სახელმწიფო პროგრამა
თამარ გაბუნია - კლინიკებს აქვთ არჩევანი, დატოვონ სახელმწიფო პროგრამა

ახალი ტარიფები სრულად ემყარება არსებულ პრაქტიკას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებაზე სამედიცინო დაწესებულებების ნაწილის კრიტიკის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ტარიფები საერთაშორისო მეთოდოლოგიით დადგინდა და ისინი უკვე ძალაშია.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, თუ იქნება შესაბამისი დასაბუთება, ტარიფების გადახედვაც არ არის გამორიცხული.

ამასთან, კლინიკების წარმომადგენელთა კრიტიკაზე, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ტარიფები საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია, თამარ გაბუნიამ დეფიბრილატორის ფასი მოიყვანა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი – 9 ათასი ლარი სატენდერო დოკუმენტაციას ემყარება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლინიკა, რომელიც, ამოქმედებული რეგულაციების გამო ხედავს რისკს ფინანსური ან ხარისხის კუთხით და მიიჩნევს, რომ ეს რისკი გადაულახავია, მას აქვს არჩევანი, აღარ მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

„სახელმწიფო დიდი შემსყიდველია, მაგრამ არა ერთადერთი და ბევრი პაციენტია, რომელიც თავად აფინანსებს მკურნალობას, ასევე არის სადაზღვევო სექტორი,“ – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო მეტად ითანამშრომლებს იმ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მრავალმხრივ სერვისებს მიაწვდიან. თამარ გაბუნიას განცხადებით, მაღალხარისხიანი სერვისები უმჯობესია, იყოს დიდი ზომის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში, სადაც პაციენტი მიიღებს გარანტირებულ სერვისს და არ იყოს ეს მომსახურებები გაფანტული.