თამარ გაბუნია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა და შესაძლოა, განვიხილოთ „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის საკითხიც
თამარ გაბუნია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა და შესაძლოა, განვიხილოთ „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის საკითხიც

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, გადაწყვეტილება გადაიხედოს და „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყოს იქამდე, ვიდრე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული.

როგორც გაბუნია აცხადებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოვაკის“ შესახებ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა და მონაცემები მის სარგებელზე მიუთითებს.

ამასთან, გაბუნიას თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „სინოვაკის“ საკითხთან დაკავშირებით ვაქცინაციის საბჭო მომდევნო დღეებში იმსჯელებს.

„სინოვაკთან“ მიმართებით ჩვენ თავიდანვე გვქონდა შეთანხმება მის მომწოდებელთან, ასევე ექსპერტების ჯგუფებთან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია იქნებოდა ჩვენთვის გამშვები მექანიზმი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ვადებზე, რა ვადა დასჭირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას „სინოვაკის“ ავტორიზაციისთვის. მაგრამ შესაძლებელია, ჩვენ მოგვიხდეს ამ გადაწყვეტილების რევიზია და დამატებითი მექანიზმის შემოტანა, რათა „სინოვაკის“ გამოყენებაც დროულად შევძლოთ. ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა, მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის სარგებელზე. ამდენად, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო ისევ დაუბრუნდება „სინოვაკის“ საკითხს და ამასთან დაკავშირებით როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შესაძლოა, დადგეს „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა, დასკვნამ მოუსწროს „სინოვაკს“, ვიდრე მას გამოვიყენებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.