თამარ გაბუნია - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების მთავარი დანიშნულებაა პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
თამარ გაბუნია - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების მთავარი დანიშნულებაა პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მთავარი დანიშნულებაა სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა.

„საკანონმდებლო პაკეტის მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.

„კანონპროექტის თანახმად, რეგულირების სააგენტოს მეტად ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა ეძლევა. მსგავსი პრეცედენტი არსებობს შრომის ინსპექციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ასევე, მთელი რიგი სხვა უწყებები აღჭურვილი არიან ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობით. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე ეხება პაციენტის უსაფრთხოებას, სიცოცხლეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.