თამარ გაბუნია - ჯამური მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“
თამარ გაბუნია - ჯამური მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“

იმის მიუხედავად, რომ ერთეული შემთხვევები გაიზარდა და ზოგიერთ ადგილზე რამდენიმე ათეულიც კი იყო, ჯამურად, ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ჩვენი მოდელის თანახმად, „მწვანე ზონაში“ ვართ, რადგან ასი ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება ათს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. დღეს ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის არის რვა. იმის მიუხედავად, რომ ერთეული შემთხვევები გაიზარდა და რამდენიმე ათეულიც კი იყო ზოგიერთ ადგილზე, მაინც ჯამურად ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“.

„ყვითელი ზონაა“, როცა უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მეტად დავიცვათ რეგულაციები, განსაკუთრებით, როცა თავშეყრის ღონისძიებებთან მიმართებაში ეს არის ათიდან ოცდაათამდე ახალი შემთხვევების რაოდენობა ასი ათას მოსახლეზე ორი კვირის განმავლობაში. თუ ეს გადააჭარბებს დაუშვათ ოცდაათს, შემდეგ უკვე არის განგაშის შედარებით მაღალი ზონა, რაც საჭიროებს ღონისძიებების უფრო მეტად გამკაცრებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 45 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული.