ჯანდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ახალ შენობაში გადასვლამდე სარემონტო სამუშაოების დროულად დასაწყებად, ინფექციურ საავადმყოფოს შესაბამის უწყებებთან უშუამდგომლოს
ჯანდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ახალ შენობაში გადასვლამდე სარემონტო სამუშაოების დროულად დასაწყებად, ინფექციურ საავადმყოფოს შესაბამის უწყებებთან უშუამდგომლოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება, არსებულ ტერიტორიაზე შენობის რეაბილიტაციის საჭიროებას იზიარებენ.

მისივე თქმით, გასულ კვირას რეგულირების სააგენტომ შენობა შეამოწმა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია, რა სჭირდება კლინიკას, რომ მომსახურება უსაფრთხოდ და შესაბამის პირობებში გაგრძელდეს.

ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრს თავისი შიდა ფინანსური რესურსი აქვს, რათა სარემონტო სამუშაოები უზრუნველყოს.

აქვე, გაბუნია განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, ახალ შენობაში გადასვლამდე სარემონტო სამუშაოების დროულად დასაწყებად, ინფექციურ საავადმყოფოს შესაბამის უწყებებთან უშუამდგომლოს.

„ჩვენთვის დღეს ინფექციური საავადმყოფოს გამართულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, თუმცა ის თემა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შენობა გაუმჯობესებას საჭიროებს, დიდი ხანია, ძალიან პრობლემურია. კარგია, რომ ცოტა ხნის წინ მოიძია საფუძვლიანი გადაწყვეტა ამ პრობლემის და ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ექნება ახალი შენობა.

გარდამავალ პერიოდში, ვიდრე მოხერხდება ახალ შენობაში გადასვლა, მანამდე ჩვენ ვიზიარებთ იმ საჭიროებას, რაც დგას შენობის შუალედური რეაბილიტაციის კუთხით. რეგულირების სააგენტო იყო იქ გასულ კვირას, შეაფასა დეტალურად ის აუცილებლობები, რაც დგას, რათა სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უსაფრთხოდ და შესაფერის პირობებში. ეს საჭიროებები ჩვენთვის ცნობილია, ასევე ინფექციური პათოლოგიის ცენტრს აქვს თავისი ფინანსური, შიდა რესურსი, რათა სარემონტო სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს. აქ არ არის საუბარი დიდი ოდენობის ინვესტიციაზე, ეს რესურსი ცენტრის შიდა ფინანსებიდან შეუძლია, მოიძიოს. ჩვენ მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ ცენტრს შესაბამის უწყებებთან, რათა დროულად დაიწყოს სარემონტო სამუშაოების შესრულება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე, ცენტრს რესურსი თუ ჰქონდა, აქამდე რატომ არ გაიუმჯობესა პირობები, – გაბუნიამ უპასუხა, რომ ახალ შენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, აზრს მოკლებული იყო სარემონტო სამუშაოები, რომელიც პირობებს მხოლოდ დროებით აუმჯობესებს.

„ფინანსური რესურსები, რაც ცენტრს აქვს, შიდა დანაზოგებიდან არის ნომინალური და არანაირად არ ეყოფოდა იმ დიდ ინვესტიციას, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ეს არის 40 მილიონი ლარი. სარემონტო სამუშაოები აზრს მოკლებული იყო, ვიდრე იქნებოდა გადაწყვეტილება შენობაზე, რადგან სარემონტო სამუშაოები არის მხოლოდ დროებითი გაუმჯობესება იმ პირობებისა, რა პირობებშიც ცენტრი დარჩება გარკვეული ხნის განმავლობაში. აქ არის იჯარის ხელშეკრულება, ცენტრი იქ განთავსებულია იჯარის საფუძველზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის დაახლოებით, 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. თანხა საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენას ან აშენებას მოხმარდება. თუმცა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მანამდე, ინფექციური საავადმყოფოს შენობაში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.