თამარ გაბუნია - ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დღეს გვაქვს ბევრად დაბალი, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში, თუმცა საწოლფონდი ძალიან გადატვირთულია
თამარ გაბუნია - ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დღეს გვაქვს ბევრად დაბალი, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში, თუმცა საწოლფონდი ძალიან გადატვირთულია

ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დღეს გვაქვს იმაზე ბევრად დაბალი, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ბინაზე მკურნალობს.

„დღეს 4 200-ს გადააჭარბა შემთხვევების რაოდენობამ, სამწუხაროდ, 38 პაციენტი გარდაიცვალა. ნახტომისებური ზრდა ბოლო დღეებში არ ყოფილა, თუმცა როგორც ვხედავთ, შემთხვევების მატება გრძელდება. პიკი, რომელიც დღეს გვაქვს, არ არის გარკვეულწილად დასტაბილურებული, ამდენად, როგორც იკვეთება მიმდინარე ტენდენციიდან, მომდევნო კვირაში პიკი უნდა გვქონდეს. რამდენად მაღალი იქნება ეს პიკი, რა თქმა უნდა, პროგნოზირება რთულია. სხვადასხვა პროგნოზი ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ტენდენციებს. კარგია, რომ ტესტირების პროგრამა ფართოდ მიმდინარეობს და გვაქვს იმისი კარგი შესაძლებლობა, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა დროულად გამოვლინდეს. შემთხვევების უდიდესი ნაწილი რჩება ბინაზე. ჩვენ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დღეს გვაქვს იმაზე ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში. ეს მიუთითებს, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ასევე ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებიც დაიხვეწა და ფილტრი მოქმედებს უფრო აქტიურად, თუ მძიმე არ არის პაციენტი, მისი ჰოსპიტალიზება არ ხდება. საწოლფონდი ბუნებრივია, არის ძალიან გადატვირთული. დღეს  6400 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტალში, 7 000-მდე საწოლია მობილიზებული. ჩვენ კიდევ შეგვიძლია დაახლოებით 1 500-მდე საწოლის მობილიზება, რისი სქემაც უკვე არსებობს. ჰოსპიტლები ემზადებიან კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაერთონ. ასევე ემატება კოვიდსასტუმროები, თუმცა ისევ და ისევ თუ არ შეჩერდა ეპიდემიის აღმასვლა და ესკალაციის სახე მიიღო, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება კიდევ დამატებითი შემთხვევების მართვა. ახლა ჰოსპიტალური რესურსიც არის შეზღუდული. ჩვენთვის საველე ჰოსპიტლის ანალოგი არის კოვიდსასტუმრო და კვლავაც ვაკეთებთ აქცენტს სასტუმროებზე. დღესაც მიმდინარეობს მუშაობა, რომ დამატებითი სასტუმროები დაემატოს“, – განაცხადა გაბუნიამ.