თამარ გაბუნია - ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა, ჯერჯერობით მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია
თამარ გაბუნია - ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა, ჯერჯერობით მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა. ამიტომ, როგორც გაბუნია ამბობს, ჯერჯერობით ამ შეზღუდვის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„ჩვენი გამოცდილებით, ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. ამდენად, როდესაც დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ის ეტაპობრიობა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში მივყვებოდით.

მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით შეზღუდვები, რომლებიც დარჩა. გადაადგილების შეზღუდვა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად, შედეგი დაგვანახა და ჯერჯერობით მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ იდეალური არ არის. როგორც გაბუნიამ განმარტა, შეზღუდვების შემდგომ შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებას ეპიდვითარებაზე დაკვირვების საფუძველზე მიიღებენ.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილური, მისაღებია, თუმცა ეს არ არის იდეალური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვინდა, გვქონდეს. უკეთესი იქნებოდა, დადებითობის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე ნაკლები იყოს, ხოლო დღიური შემთხვევები ხუთასს კი არ აღწევდეს, არამედ ასის ფარგლებში იყოს. ასევე, არ იყოს ვირუსის გავრცელების მაღალი შესაძლებლობა. ეს იქნებოდა კარგი მდგომარეობა. ამდენად, დღევანდელი შემსუბუქების პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ვითარება შენარჩუნდეს და გაუარესება არ მოხდეს. გახსენების პირობებში, თუნდაც დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება მოგვცემს საფუძველს, ვიფიქროთ დარჩენილი შეზღუდვების შემდგომ შემსუბუქებაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.