თამარ გაბუნია - „ფაიზერით“ იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი
თამარ გაბუნია - „ფაიზერით“ იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ როგორც ვებგვერდის, ასევე ცხელი ხაზის – 15 22 საშუალებით, შემდეგ კი შეეძლებათ, მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაშიც და ვაქცინაცია ცოცხალი რიგის საშუალებით ჩაიტარონ.

„რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ. შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის, რომლებმაც „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთეს, მალე დაიწყება მეორე დოზისთვის რეგისტრაცია და აღნიშნა, რომ მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ.

„ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა გასული კვირების განმავლობაში გაიკეთა, მათთვის რეგისტრაცია მალე დაიწყება და ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. რაც შეეხება დოზების რაოდენობას, როგორც ხედავთ, ქვეყანაში შეუზღუდავი იქნება, კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მისივე განცხადებით, დღეს ვაქცინაციაზე ყველაზე მაღალი აქტივობა დიდ ქალაქებშია.

„ფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება. თუ აქამდე მხოლოდ შვიდ დაწესებულებასა და სამ დიდ ქალაქში იყო შესაძლებელი, ახლა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს შემოვა.

დატოვე კომენტარი