თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება, მოქალაქეებს არანაირი შეფერხება არ ექნებათ
თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება, მოქალაქეებს არანაირი შეფერხება არ ექნებათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და მოქალაქეებს არანაირი შეფერხება არ ექნებათ.

მისივე თქმით, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეებს „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ როგორც ვებგვერდის, ასევე ცხელი ხაზის – 15 22 საშუალებით, შემდეგ კი შეეძლებათ, მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაშიც და ვაქცინაცია ცოცხალი რიგის საშუალებით ჩაიტარონ.

„ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა გასული კვირების განმავლობაში გაიკეთა, მისთვის რეგისტრაცია მალე დაიწყება და ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. რაც შეეხება დოზების რაოდენობას, როგორც ხედავთ, ქვეყანაში შეუზღუდავი იქნება, კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ. შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს შემოვა.

დატოვე კომენტარი