თამარ გაბუნია - ექსპერტები იმსჯელებენ, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად, დაველოდებით საერთაშორისო რეკომენდაციებსაც  და გადაწყვეტილება შემდეგ იქნება მიღებული
თამარ გაბუნია - ექსპერტები იმსჯელებენ, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად, დაველოდებით საერთაშორისო რეკომენდაციებსაც და გადაწყვეტილება შემდეგ იქნება მიღებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ექსპერტები იმსჯელებენ საკითხზე, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად.

მისივე თქმით, შესაძლოა, სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერადად ვაქცინირებული პირი, არამედ ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერდოზით აცრილი ადამიანი.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით რამდენიმე თემაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად – ორი დოზით აცრილი, თუ მესამე, ბუსტერდოზით აცრილი პირი. ესეც იქნება ექსპერტების მსჯელობის თემა. გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო და ჩვენი ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტის (ნიტაგის) რეკომენდაციებს დაველოდებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

მან ბუსტერდოზების გაკეთების ვადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, დღეს იმუნიზაციის საბჭომ ბუსტერდოზების ვადების შემცირების საკითხზე იმსჯელოს.

„ჩვენ ბუსტერის ვადები უკვე შევამცირეთ, თუმცა შესაძლებელია უწყებათაშორისმა ვაქცინაციის საბჭომ დღეს კიდევ იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.