თამარ გაბუნია - ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, ქვეყანაში ამჟამად 6 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული, ემატება კოვიდსასტუმროებიც
თამარ გაბუნია - ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, ქვეყანაში ამჟამად 6 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული, ემატება კოვიდსასტუმროებიც

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 ათასს აღემატება, რის გამოც ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა.

მისივე თქმით, კლინიკები მაქსიმალურად არის მობილიზებული.

„შაბათ-კვირას საწოლები კიდევ დაემატა, ამჟამად, მობილიზებულია 6 ათასზე მეტი საწოლი. ასევე ემატება კოვიდსასტუმროები. საბედნიეროდ, პაციენტების დიდი რაოდენობის მდგომარეობა არის მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის და მათ თავისუფლად შეუძლიათ მკურნალობა კოვიდ სასტუმროში“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„დღეს დაიწყო „ფაიზერით“ ვაქცინაცია. „ფაიზერზე“ 150 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა, რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. პერიოდულად ადგილები ემატება როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. ქვეყანაში შემოვიდა ნახევარი მილიონი დოზა ამერიკის მთავრობის დონაციის პროგრამის საშუალებით. ეს დოზები საკმარისია 250 ათასი პირის ასაცრელად. მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება დაგეგმილი მოცულობის მიღწევა ვაქცინაციის მიმართულებით. დღეში 8 ათასამდე ადამიანი რეგისტრირდება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს რაოდენობა მხოლოდ „ფაიზერისთვის“ თითქმის უნდა გაორმაგდეს, რომ გამოვიყენოთ მიღებული დოზები და ის, რაც მომავალში შემოვა. დღეს არსებული შემთხვევები მაისის პიკთან გვაახლოებს. მიმდინარე კვირა გვაჩვენებს, რა მიმართულებით წავა გავრცელების ტენდენცია – ქვემოთ წამოვა, თუ იქნება შემდგომი ესკალაცია, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დავიცავთ რეკომენდაციებს. მთავარია, წესების დაცვა. მხოლოდ ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შემდგომი ესკალაცია არ მივიღოთ და პროცესი ქვემოთ წამოვიდეს“, – განუცხადა თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს.