თამარ გაბუნია - ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება
თამარ გაბუნია - ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება

მიმდინარე პერიოდში ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერის ის განკარგულება, რომელიც გამოიცა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, განკარგულების მიზანია სოფლის მოსახლეობისთვის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

„ყოველდღიურად ვაქცინაციის მაჩვენებელი იზრდება. გუშინ 23 000-ს გადააჭარბა, თუმცა ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის, რათა ჩვენ ჩვენი სამიზნეები სწრაფად მოვიცვათ. დაახლოებით გვინდა 30 000-მდე მაინც ავიდეთ. სოფლის მოსახლეობის ვაცქინაციის პროცესში ჩაერთვებიან მუნიციპალური დონის საავადმყოფოები, რომლებიც ემსახურებიან სოფლის მოსახლეობას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში და მათ ე.წ. დამატებითი პაკეტი სერვისის მიწოდების ვალდებულება აქვთ, ასევე მათ დაემატებათ უკვე ვალდებულება უზრუნველყონ სოფლის ექიმებთან თანამშრომლობით მოსახლეობის აცრა. ამბულატორიებში ყველგან, როგორც იცით, ერთნაირი პირობები არ არის, ზოგიერთი ამბულატორია კარგ მდგომარეობაში,ა მათ ადგილზევე ექნებათ ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა. იქ, სადაც ამის საშუალება არ არის, ვაქცინაცია განხორციელდება მობილური ბრიგადების საშუალებით, ალტერნატიულ ინფრასტრუქტურაში. განკარგულებაში ასევე არის მითითებული, რომ განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ვიდრე სასწავლო პროცესი  დაიწყება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს საჭიროების შემთხვევაში მოსახლეოების ტრანსპორტირებაში სოფლებიდან მუნიციპალური საავადმყოფოების მიმართულებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, 1 200 სოფლის ექიმი და ექთანი უკვე გადამზადებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობისათვის.

„მიმდინარე პერიოდში უკვე გამოცდილ ჯგუფებთან თანამშრომლობით მათ ექნებათ კიდევ მეტად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების შესაძლებლობა. ამდენად საწყის ეტაპზე სოფლის ექიმები იმუშავებენ მუნიციპალური დონის საავადმყოფოების ჯგუფებთან თანამშრომლობით და ზედამხედველობით, შემდეგ უკვე თავადაც შეძლებენ დამოუკიდებლად ვაქცინაციის განხორციელებას. ამბულატორულ დონეზე ჩვენ დღეს უკვე დაშვებული გვაქვს ყველა ტიპის ვაქცინის გამოყენება, მათ შორის „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“. ასე რომ ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია ქალაქის მუნიციპალური საავადმყოფოებში, შესაძლებელი იქნება ადმინისტრირებისთვის ამბულატორიულ დონეზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოსცა.