თამარ გაბუნია - ეპიდემია დინამიური პროცესია და ყველანაირი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად
თამარ გაბუნია - ეპიდემია დინამიური პროცესია და ყველანაირი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად

კონტაქტების თვალსაზრისით, დღეს ვახერხებთ კონტროლს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს ტესტირების ფართო შესაძლებლობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანი, რომელიც არის ინფიცირებული, დროულად გამოვლინდეს და მოხდეს მისი იზოლაცია და მკურნალობა. ​

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, სექტემბრის თვეში დაფიქსირდა საკმაოდ აქტიური მატება შემთხვევების. განსაკუთრებით ვიცით, რომ აჭარის რეგიონში, ბათუმში იყო პირველი აქტიური კერები. შემდეგ ამას მოჰყვა 57 შემთხვევა, რომელიც არის რეკორდული მაჩვენებელი ეპიდემიის მიმდინარეობაში. სიტუაცია, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ დღეს ჩვენ ვახერხებთ კონტროლს, კონტაქტების თვალსაზრისით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს ტესტირების ფართო შესაძლებლობა. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანი, რომელიც არის ინფიცირებული, დროულად გამოვლინდეს და მოხდეს მისი იზოლაცია და მკურნალობა. ეს არის ის ეტაპები, რაც მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქტიურად ტარდებოდეს“,- განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სიტუაცია არის კონტროლირებადი, მაგრამ საყურადღებო. როგორც გაბუნია ამბობს, „ეპიდემია დინამიური პროცესია და ყველანაირი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ტალღური მიმდინარეობის მოლოდინზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ იქნებოდა სადღაც შემოდგომაზე, რადგან სეზონურობის თეორიიდან გამომდინარე, როგორც წესი არის ხოლმე რესპირაციული ინფექციები, როცა ტემპერატურა იკლებს და სოციალური აქტივოვები შენობებში გადაინაცვლებს. მაგრამ ეს ეტაპი, რაც ახლა გვაქვს, უკავშირდება ზაფხულის პერიოდის დასვენებას, სადაც დავივიწყეთ დაცვის საშუალებები, წესები და ზედმეტი რელაქსაციის შედეგად, შედეგმა არ დააყოვნა. მივიღეთ ეს გავრცელების მაჩვენებელი, რაც უკავშირდება რიგ შემთხვევებში სოციალურ აქტივობას. ქორწილის ჯგუფები ჩამოყალიბდა და ასევე უკავშირდება ზაფხულში, ბათუმში დამსვენებლებს შორის ინფექციის გავრცელებას. ამ ეტაპზე ეს კერები მეტად ლოკალიზებულია, ამდენად, ჩვენი მიდგომაც არის ასეთი – ლოკალური და მიზანმიმართული იმ კონკრეტული ეპიდგავრცელების კერებისკენ. ვფიქრობთ, ეს გაამართლებს და მოხდება ლოკალიზაცია, თუმცა ეპიდემია დინამიური პროცესია და ყველანაირი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.