თამარ გაბუნია - დღეში 3 000 ადამიანის აცრა გვჭირდება, რომ მივუახლოვდეთ იმ სამიზნეებს, რაც გვაქვს
თამარ გაბუნია - დღეში 3 000 ადამიანის აცრა გვჭირდება, რომ მივუახლოვდეთ იმ სამიზნეებს, რაც გვაქვს

ჩვენ გვჭირდება დღეში 3 000 ადამიანის აცრა, რომ მივუახლოვდეთ იმ სამიზნეებს, რაც გვაქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პროგრამა ძალიან სწრაფად და კარგად იკრეფდა ძალას, მაგრამ მომდევნო დღეს მოხდა სრულიად წარმოუდგენელი ამბავი, რომელმაც გამოიწვია ის, რომ სამედიცინო პროფესიონალებში ჩვენ მივიღეთ ძალიან დაბალი აქტივობა. დღეს უკვე, 10 000-ზე მეტია რეგისტრირებული, მაგრამ დღეს ეს აქტივობა გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა არის, როგორც ამ პროგრამის ერთ-ერთი არჩევანი, არამედ იმითაც, რომ 65 წლის ზემოთ პირებისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა გაიხსნა. აქედან რამდენია „ფაიზერი“ და რამდენი „ასტრაზენეკა“, მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დღეს ჯამურად, 6 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც საკმაოდ იმედის მომცემი მაჩვენებელია. აქტივობა იყო, როგორც „ასტრაზენეკას“, ისე „ფაიზერის“ მიმართულებით და ვფიქრობ, მომდევნო კვირებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული საინფორმაციო კამპანია და იგეგმება თუ არა დამატებითი ღონისძიებები ამ მიმართულებით, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე კამპანია ისე დაიგეგმა, რომ მოწოდებასა და მოთხოვნას შორის პროცესები დაბალანსებულიყო.

„ვიდრე ქვეყანაში არ იყო რეალურად ხელშესახები ვაქცინა, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნებოდა, მასიური საინფორმაციო კამპანია გვეწარმოებინა. ახლაც, ვიდრე თვითმფრინავი აეროპორტში არ დაჯდება, მესიჯების გავრცელებას ძალიან ფრთხილად ვცდილობთ. ჩვენ გარკვეულწილად, ვეყრდნობოდით იმ დაშვებას, რომ ჩვენი პირველი ჯგუფი იყო სამედიცინო პერსონალი, ვისთანაც ამ ტიპის ინფორმაცია მეტად ახლოსაა. ამდენად, ასეთი დეტალური განხილვა და საზოგადოებისთვის ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება აქამდე არ იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა და ახლა, ეს პროცესები მეტად აქტიურად წავა, გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რა არის ვაქცინის რეალური სარგებელი და რა რისკი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როდის და რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპი, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება შეინიშნება, დაფიქსირდა ახალი შტამების რამდენიმე ათეული შემთხვევა და პირბადის ტარების ტენდენციები მაინცდამაინც იმედის მომცემი არ არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიმდინარე პერიოდი ძალიან საფრთხილოა და ასეთ ვითარებაში შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებული არ არის.