თამარ გაბუნია - დღეს გვაქვს კარგი შანსი, პიკი გადავავადოთ და კორონავირუსის ეტაპობრივი, თანმიმდევრული გავრცელება გვქონდეს
თამარ გაბუნია - დღეს გვაქვს კარგი შანსი, პიკი გადავავადოთ და კორონავირუსის ეტაპობრივი, თანმიმდევრული გავრცელება გვქონდეს

დღეს გვაქვს ძალიან კარგი შანსი, პიკი გადავავადოთ და კორონავირუსის ეტაპობრივი, თანმიმდევრული გავრცელება გვქონდეს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„იმგვარი, რომელიც ყველა შემთხვევის ძალიან წარმატებით მართვის შესაძლებლობას მოგვცემს. ეს არის რეალური შანსი და ვფიქრობ, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ. უკვე საკმარისი გამოცდილება დაგროვდა, რომელიც ამბობს, რომ სოციალურ დისტანცირებას შეუძლია, ეპიდემიის გავრცელების რისკი ხუთჯერ და მეტად შეამციროს. პირობითად, თუ სოციალური დისტანცირების გარეშე პიკი 5 000 შემთხვევაზე იქნება, სოციალური დისტანცირებით პიკი გვიან დგება და ეს შეიძლება, 1500 შემთხვევა იყოს. ამ ყველაფერს პირობითად ვამბობ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გვაქვს თუ არა შანსი, ქვეყანაში გატარებული ზომებიდან გამომდინარე თავიდან ავიცილოთ პიკური პერიოდი.

შეკითხვაზე, რა ზომებს იღებს ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის, რათა სამედიცინო პერსონალი შესაძლო ინფიცირებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის უწყება ექიმებს ურჩევს, თავი მაქსიმალურად დაიცვან, გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებები და პაციენტი იზოლირებული იყოს.

„ექიმებს ვურჩევთ, ყველა სიცხის შემთხვევაში ისე მოიქცნენ, თითქოს, ეს იყოს კორონავირუსის საეჭვო, ან დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ მათ ვურჩევთ, მაქსიმალურად დაიცვან თავი, გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებები და პაციენტი იზოლირებული იყოს. მეტი სიცხიანი პაციენტების მართვისთვის უკვე პატარა, რაიონულ საავადმყოფოებში იზოლირებული სივრცეების მოწყობაზე ვფიქრობთ, რათა სიცხიანი პაციენტების ადრეული და სწორი შეფასება მოხდეს. რა თქმა უნდა, ამაში ტესტირების შესაძლებლობის გაფართოებაც დაგვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.