თამარ გაბუნია - „დექსამეტაზონმა“ აჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში
თამარ გაბუნია - „დექსამეტაზონმა“ აჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში

„დექსამეტაზონი“ არის პირველი მედიკამენტი, რომელმაც უჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

რაც შეეხება სოლიდარობის გლობალურ კვლევას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, ისევე როგორც კვლევაში მონაწილე ათეულობით ქვეყანაში, ოთხი დასახელების პრეპარატების გამოყენება იგეგმება, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მედიკამენტების მოწოდება ლოჯისტიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული და მას დრო სჭირდება. თამარ გაბუნიას თქმით, ოთხ მედიკამენტს შორისაა „რემდესივირიც“, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდში უნდა ჩამოვიდეს. თამარ გაბუნიას განცხადებით, „რემდესივირმა“ უნდა დაადასტუროს თავისი ეფექტიანობა, რაც წინასწარი შედეგების მიხედვით, არის იმაზე უფრო დაბალი, ვიდრე მოლოდინი არსებობდა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ჯერჯერობით სოლიდარობის კვლევაში საქართველოში მყოფი პაციენტები მონაწილეობას არ იღებენ.

„უნდა დაველოდოთ, რა შედეგები იქნება. ჯერჯერობით ერთეული პაციენტიც ვერ მოხერხდა, კვლევაში ჩართულიყო, რადგან არ მოხდა ისეთი მძიმე მდგომარეობის და იმ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რასაც სოლიდარობის კვლევა მოითხოვს. ამდენად, ჩვენ მზაობა გვაქვს და როგორც კი იქნება ამის შესაძლებლობა, ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება „რემდესივირი“ ფიზიკურად ქვეყანაში ჩამოვიდეს, თუმცა დღეს უკვე გარკვეულად შეიცვალა მოლოდინები და მიმართულებები. უფრო სხვა მედიკამენტებზე კეთდება აქცენტი, მაგრამ სოლიდარობის კვლევა აქტიური რჩება და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვრჩებით სოლიდარობის კვლევის ნაწილი. „დექსამეტაზონი“ გახლავთ ის მედიკამენტი, რომელმაც უჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში და დღეს „დექსამეტაზონზე“ არის საუბარი, რომ ეს არის გარკვეულწილად გარდატეხა ვირუსის მართვის პროცესში. ამდენად, ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და აქცენტს გავაკეთებთ იმ მედიკამენტებზე, რომელთა ეფექტიანობა დადასტურდა, მაგრამ ამის პარალელურად, სხვა კვლევებშიც გავაგრძელებთ მკურნალობას“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს მეტი აქცენტი კეთდება არა უშუალოდ სოლიდარობის კვლევაში ჩართულ მედიკამენტებზე, არამედ ე.წ. „რიქავერი თრაიალის“ მასშტაბურ კვლევაზე, რომელიც ბრიტანეთში ხორციელდება და სწორედ ამ კვლევის ფარგლებში გამოვლინდა „დექსამეტაზონის“ ძალიან მაღალი ეფექტურობა, რაც, გაბუნიას შეფასებით, არის კარგი, იმედისმომცემი მაჩვენებელი.

„ამ შემთხვევაში დექსამეტაზონი არის აპრობირებული მედიკამენტი ქვეყანაში, მასზე ხელმისაწვდომობა პრობლემა არანაირად არ არის და ეს მედიკამენტი უკვე მონაწილეობს დაავადების მართვის სქემაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი